ახალი ამბები
,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრები თბილისში აქციაზე მიდიან
გორიდან თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მიდიან. ისინი თბილისში დაგეგმილ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას და არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

“ ქართული საზოგადოება, გორელი მოქალაქეები ვუერთდებით გაერთიანებული ოპოზიციის მოწოდებას და მივდივართ თბილისში დაგეგმილ აქციაზე. სამწუხაროდ სხვა გზა არ დაგვრჩა.  21-ე საუკუნეში 2020 წელს ისევ ქუჩაში უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა ისევ იყიდა ქართველი ხალხის ხმები და გააყალბა ჩვენი მომავალი” - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ლაშა ჯიოშვილი.

ამ წუთებში, თბილისში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაა. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება, დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2020 წლის არჩევნები არ იყო სამართლიანი, ამიტომ ისინი მის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ისინი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 48.36 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" 26.35 % აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები