ახალი ამბები
ქალაქ გორის საჯარო სკოლებში 4-25 ნოემბერს სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა
საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რაოდენიმე დიდ ქალაქებს შორის, მოხვედრილია გორი.

,,კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში. გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული. რაც შეეხება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.'' - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კორონავირუსის სტატისტიკა: საქართველოში დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 506, იმერეთში – 324, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, ასევე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501.

"ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი – მათ შორის თბილისში – 163, აჭარაში – 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის თბილისში – 621, აჭარაში-1 412.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა", – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები