ახალი ამბები
გორში ახალი ავტობუსები მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს
გორის მერია ახალ ავტობუსებს 12 ნოემბრიდან ჩაიბარებს და ეს პროცესი იანვრამდე ეტაპობრივად განხორციელდება. 30 მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს.

მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე შეადგინა და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ტრანსპორტის სააგენტოს გადაეცემა.

,,გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ტრანსპორტი გადმოგვეცემა 12 ნოემბრიდან. პირველ ეტაპზე მივიღებთ 6 ავტობუსს, დანარჩენს - ეტაპობრივად იანვრამდე. ეს ისეთი ავტობუსებია, რომლებიც მხოლოდ ქალაქში იმოძრავებს. მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ჩვენს სააგენტო დაეკისრება" - გვითხრეს ტრანსპორტის სააგენტოში.

ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBღD) მხარდაჭერით იყიდეს. ,,აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობდა, მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული ტრანსპორტითა და ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს." - აღნიშნავენ მერიაში.

რაც შეეხება სოფლებს, აქ სამგზავრო ტრანსპორტით უზრუნველყოფა კვლავ კერძო კომპანიების მეშვეობით განხორციელდება. ოღონდ, განრიგი და ფასები, ასევე, ტრანსპორტის სახეობა მერიასთან შეთანხმდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები