ახალი ამბები
გორში წმინდაწყლის ბაზრობაზე გამყიდველს მეორადი ავეჯი ააცალეს
6 ნოემბერს გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს, რომლებსაც წმინდაწყლის ბაზრობიდან მეორადი ავეჯის ქურდობაში დასდეს ბრალი.

ამის შესახებ გორის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. გორის პროკურატურამ ორივე მამაკაცს ბრალი ქურდობის მუხლით წაუყენა.

პროკურატურის განცხადებით, მამაკაცები სხვის ნივთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ, რითაც მესაკუთრეებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

როგორც ბრალდებულები ყვებიან, მათ ავეჯი გადაყრილი ეგონათ, რადგან ვიზუალურად მოძველებულ ნივთებს წარმოადგენა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ ავეჯი მათ მართლაც წაიღეს, თანაც დღისით, მაგრამ ეს მოხდა გაუთვითცნობიერებლად.

,,იფიქრეს, რომ მასალას გამოიყენებდნენ რამეში, ან გადააკეთებდნენ, ქურდობის განზრახვა არ ქონიათ. ეს მოხდა მომენტალურად, დაინახეს, ქუჩაში ყრია და იფიქრეს, რომ ის აღარავის გამოადგებოდა" - განუცხადა სასამართლოს ბრალდებულის დამცველმა.

პროკურატურა და ბრალდებულის მხარე ამჟამად საპროცესო შეთანხმების პირობებზე მსჯელობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები