ახალი ამბები
ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფი პაციენტების მკურნალობის მეთოდი იცვლება
იმ პაციენტებს, რომლებიც კოვიდ-სასტუმროებსა და ბინაზე იმყოფებიან, სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ესენია - დედიმერი, სისხლის საერთო ანალიზი და სატურაციის განსაზღვრა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს კვლევები შერჩევით აქამდეც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ვალდებულება არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღებული. დედიმერი გაძლევს საშუალებას განისაზღვროს, აქვს თუ არა პაციენტს თრომბოემბოლიური გართულების რისკი. სისხლის საერთო ანალიზი გვაძლევს წარმოდგენას, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის საჭირო მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკი და რაც შეეხება სატურაციას - ეს მოგვცემს საშუალებას ვიცოდეთ, ჟანგბადდამოკიდებული ხო არ არის ბინაზე დატოვებული პაციენტი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კვლევების შემდგომ იქნება განსაზღვრული, პაციენტი გადასაყვანია თუ არა კლინიკაში. სიახლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ამჟამად, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 1559, მათ შორის - 782 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები