ახალი ამბები
გორის 9 სოფლის სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დისტანციური სწავლის რეჟიმზე იმყოფება რეხის, ხელთუბნის, ტინისხიდის, კარალეთის პირველი და მეორე, შინდისის, წითელუბნის, შავშვების, ქვახვრელის, პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლები. ელოდებიან შეთანხმებას კიდევ რამდენიმე სკოლაზე.

ამის შესახებ განცხადებას გორის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, დისტანციურ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით, უამრავ შეკითხვას იღებს და ამიტომ თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემა საჯაროდ გადაწყვიტა.

1. ქალაქის სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან მაღალი მობილობის და, შესაბამისად, მეტი რისკის გამო.

2. მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლის შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება რისკი და მიიღება გადაწყვეტილება ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად.

3. სოფელში დადასტურებული კოვიდინფექციის შემთხვევა ან შემთხვევები არ არის საფუძველი ავტომატურად სკოლის დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლისა. მით უმეტეს, თუ სკოლა არ არის მრავალრიცხოვანი. დამიჯერეთ, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უსაფრთხო შეიძლება იყოს სკოლის გარემო ბავშვებისთვის, ვიდრე თავშეყრის სხვა ადგილები.

4.ყველა სკოლა აღჭურვილია სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებებით.

5. სკოლებში ყოველდღიურად ტარდება სველი წერტილებისა და ზედაპირების დეზინფექცია.

6. რესპირატორული სიმპტომების მქონე არც მასწავლებელი და არც მოსწავლე სკოლაში არ მიდის( თუ მიდის, არ დაიშვება).

7. თუ მასწავლებელი თვითიზოლაციაშია კოვიდინფექციის ან ასეთთან კონტაქტის გამო, გაკვეთილებს ატარებს დისტანციურად ან სკოლა უზრუნველყოფს დროებით ჩანაცვლებას. რისკი ფასდება იმის მიხედვით, როდის იყო ბოლოს სკოლაში პირი, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი, ჰქონდა თუ არა კონტაქტები სკოლაში დაუცველად, პირბადის გარეშე და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები