ახალი ამბები
გორელი პოლიტიკოსების განცხადებები ქსენოფობიური და ანტიდასავლური გზავნილების შესახებ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა
,,ქართული ოცნებისა" და ,,ლელო საქართველოსთვის" წარმომდგენლები, შმაგი ხუბულური და გიორგი მელაძე, საკუთარი განცხადებებით, იმ კვლევაში მოხვდნენ, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა მოამზადა.

,,წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020 - ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია"" - ასეთია სახელწოდება კვლევისა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე.

ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების კომენტარები, რომელიც ადრესატების ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, ასეთია:

შმაგი ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტი, ქართული ოცნება: "სომხეთოფობი არ ვარ, მაგრამ აი, ეს არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ესაა ტიპიური მაგალითი თუ როგორი მტაცებლები არიან. დასკვნა თქვენთვის მომინდვია". ეს განცხადება შმაგი ხუბულურმა სომხურ ჩურჩხელასთან დაკავშირებულ ვიდეოს შესახებ გააკეთა.

რაც შეეხება ,,ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის კომენტარს, მისი შინაარსით ლიბერალიზმი = გარყვნილებას, იდენტობის დაკრგავს.

გიორგი მელაძე, ლელო საქართველოსთვის, შიდა ქართლი: "ლიბერალიზმს ამოფარებული ქართული იდენტობის, სულის, ტრადიციების მტრები არიან ადამიანები, ვინც შეფარულად ფულს აკეთებენ და თავზე გვახვევენ "თავისუფლებას", მაგრამ მათი მოტანილი თავისუფლება ნიშნავს გარყვნილებას, ჩვენი იდენტობის უგულებელყოფას, ყველამ იმ ფუნდამენტის უარყოფას რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.



მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა. კვლევის მიხედვით, ზოგადად, საქართველოში, შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:

ანტიდასავლური გზავნილები: პოლიტიკურმა სუბიექტებმა 157 ანტიდასავლური კომენტარი გააკეთეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი დასავლეთის, როგორც ღირებულებითი სივრცის, ასევე გეოგრაფიული და ინსტიტუციური ერთობის წინააღმდეგ იყო მიმართული. შემდეგ ადგილზეა ნატო, აშშ , არასამთავრობო ორგანიზაციები და სოროსი, ხოლო ბოლო ადგილზე -ევროკავშირი.

სიძულვილის ენა: საარჩევნო სუბიექტების სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარიდან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე მოდის, რასაც ჰომოფობიური შეფასებები თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება.

კონსპირაციები კორონავირუსზე: კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების (პატრიოტთა ალიანსი, ქართული იდეა, ზვიად ტომარაძე) მიერ გავრცელებული კონსპირაციები ვირუსის არარსებობას და ვაქცინაციის საფრთხეებს შეეხებოდა.

გამოვლინდა 56 ფეისბუკ ანგარიში,
რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდა და მეტწილად მმართველ პარტიასთან იყო აფილირებული; ასევე 30 ანგარიში, რომელიც ყალბ ცნობებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ აქვეყნებდა და ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული;

პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული (9), ასევე ულტრანაციონალისტური/ანტილიბერალური (4) სოციალური მედიის ანგარიშები შედარებით მცირე იყო, თუმცა ამ ჯგუფების წარმომადგენლები პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ნაწილში დომინირებენ (22).

დეზინფორმაციის დიდი წილი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ასახავდა, 2 შემთხვევაში დეზინფორმაცია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის დღის წესრიგთან იყო თანხვედრაში. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში კრემლის პროპაგანდის მსგავსად შიდაპოლიტიკურ დისკურსში სახელისუფლებო ანგარიშები რელიგიური და სექსუალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით მანიპულირებას მიმართავდნენ.

მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც ნაციონალური დაფარვის, ასევე რეგიონული მედია საშუალებები. ტრადიციული მედიის გარდა დაკვირვება ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს ჩროწდთანგლე-ის მეშვეობით ფეისბუკ ანგარიშებზეც ხორცილდებოდა, ასევე პარტიული აქტივისტების ინდივიდუალურ პროფილებზე. აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის სუბიექტების ბაზა მუდმივად განახლებადია.

ნაციონალური დაფარვის 16 მედია: 4 ტელევიზიის პრაიმ თაიმის ყოველდღიური საინფორმაციო და კვირის ანალიტიკური გამოშვება: საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე, ახალი კვირა), რუსთავი 2 (კურიერი, P.შ.) , იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა). ობიექტივის საინფორმაციო გამოშვება (ახალი ამბები).

5 ტელევიზიის თოქ-შოუ: საზოგადოებრივი მაუწყებელი (კვირის ინტერვიუ), რუსთავი 2 (არჩევანი) შემდგომში მთავარი (არჩევანი), იმედი (პირისპირ), ობიექტივი (ღამის სტუდია; დღის ბოლოს ), კავკასია (ბარიერი, სპექტრი), 7 ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, მარშალპრესი, News - Front. 4 გაზეთი: რეზონანსი, კვირის პალიტრა, ასავალ-დასავალი, ალია.

რეგიონული მედია: 5 რეგიონის (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მედია საშუალებები მოიცავს:

7 რეგიონული ტელევიზიის პრაიმ თაიმის საინფორმაციო გამოშვება: რიონი ტვ (დღის ამბები), მეგა ტვ (მთავარი), თრიალეთი (საინფორმაციო გამოშვება) ოდიში (საინფორმაციო გამოშვება), ფარვანა tv (საინფორმაციო გამოშვება), მარნეული TV/რადიო (საინფორმაციო გამოშვება), მეცხრე არხი (საინფორმაციო გამოშვება ექო). 6 რეგიონული ტელევიზიის თოქ შოუ, ანალიტიკური გადაცემა: რიონი ტვ - (პოლიტიკური რუკა),TV12 (გუშინ, დღეს, ხვალ), TV12 (ექსპერტის აზრით), TV12 (მედიატორი) თრიალეთი (რეგიონის საათი), თრიალეთი (დღის თემა), თრიალეთი (ნიუს რუმი), ოდიში (რეალობა), TV4 (არჩევნები 2020), მარნეული TV (არჩევნები 2020). 8 ონლაინ გამოცემა: 24News.ge, InterPress.ge, ქუთაისიპოსტი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, ლაივპრესი, Info rustavi, ჯეინიუსი, Akhalkalaki News.


იხ. ანგარიშის სრული ვერსია

Print

სტატიის გამოყენების პირობები