ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თავდასხმა გვიან ღამით ,, გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. შენობაში ორი პირი თანხის მითვისების მიზნით შეიჭრა.

ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  2000 წელს დაბადებული გ.დ. და 2002 წელს დაბადებული ე.გ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ხაშურში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური "გალფის" ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები