ახალი ამბები
მამაკაცს, რომელმაც ცოლს ქლიბით 13 ჭრილობა მიაყენა, 13 წელი მიუსაჯეს
ხაშურში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 13 წელი მიუსაჯეს. გორის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას ქალის მკვლელობის სურვილი არ ქონდა, ამიტომ, სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, ქალს ყელის არეში 13 ჭრილობა ჰქონდა, აქედან 2 მძიმე.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა აღიარა, რომ კონფლიქტის ნიადაგზე მოუსპო სიცოცხლე ქალს, თუმცა მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია; ასეთი სურვილის შემთხვევაში დანაშაულის იარაღად 2 სმ-იან ქლიბს არ გამოიყენებდა.

აწ უკვე მსჯავრდებულის განმარტებით, მეუღლე ზურგიდან იჭერდა მას და არ აძლევდა გარეთ გასვლის საშუალებას, რა დროსაც თავის დაღწევის მიზნით მოუქნია მკვნეტარას ქლიბი, მაგრამ ისე, რომ არც შეუხედავს და სახლიდან წავიდა. ერთი წუთითაც რომ დაეშვა, რომ გარდაცვლილს მიაყენა დაზიანება, არ დატოვებდა მას, გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას და შეეცდებოდა მის გადარჩენას.

პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ. ხაშურში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი ფრჩხილის მკვნეტარას გამოყენებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს კისრის არეში, მარჯვენა მხარეს, მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

,,მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას აქცევს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერეტიზის დასკვნას, რომლის თანახმად გვამის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილია ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა, რაც მიუთითებს მსხვერპლის წინააღმდეგობაზე და გარდაცვლილის სხეულზე მიყენებულ ჭრილობათა სიმრავლესა და მდებარეობას, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მრავლობითი, ერთმანეთთან ახლოს, ჯგუფურად მდებარე, უსწოროკიდეებიანი 13 ჭრილობა კისრის მარჯვენა, გვერდით ზედაპირზე, საიდანაც 2 - ღრმად შედიოდა კისრის რბილ ქსოვილებში'' - აღნიშნულია განაჩენში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები