ახალი ამბები
რეგიონულ მაუწყებლებს შორის საარჩევნოდ ყველაზე მეტი დაფინანსება ტელეკომპანია "დიამ" მიიღო
რეგიონულ მაუწყებლებს შორის, ჯამურად ყველაზე მეტი დაფინანსება - 225,373 ლარი ტელეკომპანია "დიამ" (შიდა ქართლი) მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ,,მედიაჩეკერი" ავრცელებს.

ამავე სააგენტოს ცნობით, ამ თანხის უმეტესი ნაწილი - 172,316 ლარი ამ ტელევიზიაში შოთა მალაშხიას ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ (ქკპ) დახარჯა, შემდეგ მოდის - ,,ქართული ოცნება".

"დიას" შემდეგ ყველაზე მეტი დაფინანსება - 91,408 ლარი პოლიტიკური პარტიებისგან ტელეკომპანია "რიონმა" (იმერეთი) მიიღო. მას მოსდევს "ტვ25" (აჭარა), რომელთანაც პარტიებმა 85,389 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. ტოპ-ხუთეულში არიან ასევე "მეგა ტვ" (იმერეთი) - 51,398 ლარის ღირებულების კონტრაქტით და "თრიალეთი" (შიდა ქართლი) - 45,678 ლარის ღირებულების კონტრაქტებით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის განსათავსებლად არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების დღემდე, ხოლო განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე.

კანონის ამ მუხლით გათვალისწინებულ თანხას იღებენ მხოლოდ კვალიფიური პარტიები. კანონის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები