ახალი ამბები
ჰოსპიტალში სოციალურად დაუცველმა ოპერაციის თანხა თავად გადაიხადა
გორის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ჰოსპიტლის ადმინისტრაცია დააჯარიმეს იმის გამო, რომ მათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ოპერაციაში თანხა გადაახდევინეს.

საქმე ეხება გეგმიურ ოპერაციას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. მომსახურების სააგენტოს უფროსის #04/26039 გადაწყვეტილებაში წერია, რომ ჰოსპიტალს, ბიუჯეტის სასარგებლოდ, საოპერაციოდ გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობის თანხა დაეკისრა.

როგორც ირკვევა, 2019 წელს, ჰოსპიტალმა სოციალურად დაუცველს 473 ლარი ისე გადაახდევინა, რომ არ შეუთავაზებიათ მისთვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა.

ამის გამო, სამედიცინო დაწესებულებას ჯარიმის სახით 1421 ლარი დაეკისრა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, სოციალურად დაუცველი წარმოადგენდა უკიდურესად გაჭირვებულს, რომლის სარეინტიგო ქულა შეადგენდა 44 000-ს.

სახელმწიფო პროგრამა კი სრულად ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

ჰოსპიტლის ადმინისტრაცია არ დაეთანხმა სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებას და ჯარიმის გაუქმება მოითხოვა. იურისტი ამტკიცებს, რომ სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ თვითონ მოითხოვა ოპერაციის გაკეთება, თანაც საკუთარი სახსრებით.

2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ჰოსპიტალი ჯარიმისგან გათავისუფლდა. ახლა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწევს იმის გარკვევა, თუ საიდან ჰქონდა ოპერაციის თანხა სოციალურად დაუცველს, რაც მის სარეიტინგო ქულის აწევას გამოიწვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები