ახალი ამბები
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
გორში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე
23 იანვარს 101 წლის გახდებოდა.

იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა. მამა ადრე დაიღუპა, მოლისის სადგურზე სარკინიგზო კატასტროფის დროს.

1939 წელს, 10-კლასიანი საშუალო სასწავლებილის დამთავრების შემდეგ, ხაშურის აეროკლუბში გაწევრიანდა, საფრენონსნო განხრით.

შემდეგ, სერგო კორკოტაძე და სერგო გაფრინდაშვილთან ერთად, სასწავლებლად ჩავიდა სტალინგრადში, სადაც გამანადგურებელთა საავიაციო სასწავლებელში ჩაირიცხნენ.

ომის დაწყებამდე, ჩუვაშის რესპუბლიკაში, ღამის მფრინავთათვის განკუთვნილ სასწავლებელში გაგზავნეს. აღნიშნული სასწავლებელი 1941 წლის მაისში დაამთავრა. ივნისში კი, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

იროდიონ ტაბატაძემ თავისი მოვალეობა 1944 წლის იანვრამდე შეასრულა. ის გერმანიის ქალაქ ჰამბურგის დაბომბვის დროს დაშავდა. მისი თვითმფრინავი დააზიანეს. თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა. და დაშავდა, მეორე შტურმანი დაიღუპა, თვითონ კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 5 თვე ჰოსპიტალში გაატარა და შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ხაშურში.

იროდიონ ტაბატაძემ სულ 749 ფრენა განახორციელა. ხაშურში დაბრუნების შემდეგ გამომგონებლობამ გაიტაცა. შევქმენილი აქვს ვაკუუმური ჰიდროსადგური, რეაქტიული ტურბინი, ჰაერის ელექტროსადგური, ჰაერის ძრავა და მიღებული აქვს 50-მდე პატენტი.

სიცოცხლის ბოლო წელბი იროდიონ ტაბატაძემ გორში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. ბოლომდე კარგად ახსოვდა და ხშირად იხსენებდა ომში გატარებულ წლებს.

Qartli.ge უსამძიმრებს ოჯახს იროდიონ ტაბატაძის გარდაცვალების გამო.

იხ. ამავე თემაზე:

▶️ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე 100 წლის გახდა
▶️100-წლის იროდიონ ტაბატაძე - საბჭოთა მფრინავი გორიდან

Print

სტატიის გამოყენების პირობები