ახალი ამბები
ახალციხელ მამა-შვილს ბორჯომელმა მთვრალმა პოლიციელებმა ხაშურში სცემეს - პოლიციელები გორის სასამართლოში გაამართლეს
მამა-შვილს, რომლებსაც ახალციხიდან თბილისში 8 ტონა კარტოფილით მიჰქონდათ, ხაშურის შესასვლელში, სოფელ ცხრამუხის სიახლოვეს, ბორჯომელმა პოლიციელებმა უმოწყალოდ სცემეს.. მამამ მანქანაში ჩახტომა, კარის ჩაკეტვა და 112-ზე დარეკვა მოასწრო. შვილი კი, პოლიციელებს საბარგულზე ჰყავდათ აყუდებული და ურტყამდნენ.

ამას ისიც ემატება, რომ პოლიციელები მთვრალები იყვნენ და იარაღიდან 5-ჯერ გაისხროლეს. ადგილზე 5 მასრა იპოვეს. დადასტურდა ის ფაქტიც, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ორჯერ გამოიძახეს, ჯერ მამისთვის, შემდეგ - შვილისთვის.

ერთ-ერთ პოლიციელს კი მხოლოდ წნევამ აუწია - 180/100-ზე, ასევე, ბრალდებული პოლიციელი იმაზე წუხდა, რომ ,,ჯიკაობის" დროს ოქროს ძეწკვი დაკარგა.

შემთხვევის ადგილზე, რომელიც 2018 წლის 4 მარტს, დილის 3 საათზე მოხდა, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსებიც მივიდნენ. სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო, რომ გორიდან, ხაშურიდან და ახალციხე-ბორჯომიდან ჩასულ პოლიციის უფროსებს ადგილზე კვლავ შეხლა-შემოხლა დახვდათ. ყოველ შემთხვევაში, ხაშურის პოლიციის უფროსი ჩვენებაში წერს, რომ მან ,,დაპირისპირებულ მხარეებს" სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ეს გაუხმაურებული ფაქტი გორის სასამართლოში იხილებოდა და მხარეებს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი იხილავდა. სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდებოდა.

ფაქტის შესახებ Qartli.ge-სთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განაჩენი გამოაცხადა. ორივე პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

,,სარწმუნოს ხდის სწორედ პოლიციელების ჩვენებას, რაც ამ ნაწილშიც გამოძიებიდან მოყოლებული ასევე თანმიმდევრულია"", - განაცხადა მოსამართლე დადეშქელიანმა და ბრალდებულ პოლიციელებს გირაოს თანხაც უკან დაუბრუნა.

პროკურორ ზურაბ წერეთლის პოზიცია:

2018 წლის 4 მარტს, ბორჯომის შს სამმართველოს ინსპექტორგამომძიებლები, მთვრალი ვ.მ და ასევე მთვრალი ვ.თ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით".

დაახლოებით 03 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა მათ მიიჩნიეს საეჭვოდ და დაედევნენ გაჩერების მიზნით. სატვირთო ავტომანქანა გააჩერეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთთან.

პოლიციელებმა უკმაყოფილება გამოხატეს მძღოლის მიმართ, რომელიც მათ არ დაემორჩილა და დაუყოვნებლივ არ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა.

პოლიციელებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მძღოლს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმებით, რის შედეგად მძღოლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება. ამავე დროს, ერთ-ერთმა პოლიციელმა ისე, რომ სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, მძღოლს რამდენჯერმე დაუმიზნა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში, ასევე - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მძღოლის შვილს.

მძღოლი:

2018 წლის 4 მარტს ჩემი სატვირთო ავტომანქანით ახალციხიდან თბილისში სარეალიზაციოდ გადამქონდა კარტოფილი. დაახლოებით 01 საათისათვის მოძრაობის დროს გვერდით ჩამიარა შემხვედრმა ,,პიკაპმა". მისი ნომერი არ ვიცი, ჰქონდა წარწერა ,,პოლიცია". მოძრაობა განვაგრძე და რამდენიმე წუთში შევამჩნიე, რომ მომდევდა ანთებული მაშუქებით ავტომანქანა, მანიშნებდა გზის დათმობას გასწრების მიზნით. დავეჭვდი, რადგან გზა იყო თავისუფალი. ამ დროს მომესმა სიგნალის ხმა, რომელიც აქვს პოლიციის ავტომანქანას. მივხვდი, რომ მომყვებოდა პოლიცია, ჩავრთე ციმციმა და ვცადე მანქანის გაჩერება. გზა არ მაძლევდა საშუალებას, მაშინვე გამეჩერებინა, ვცდილობდა, თავისუფალი ადგილი მომეძებნა. ამ დროს ნელა სვლით მივდიოდი და ,,დაჟინებული მოთხოვნით", ნახევრად გზაზე გავაჩერე მანქანა. მოვიდა 2 პირი, რომლებშიც პოლიციელები ვერ ამოვიცნე, რადგან ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი.

მათი მხრიდან იყო აგრესია - რატომ არ გავაჩერე მაშინვე, როცა მოითხოვდნენ. ვუპასუხე, რომ ვერ ვნახე გაჩერების ადგილი და მანქანა ეხლაც არასწორად იყო გაჩერებული. ამას მოჰყვა მათი მხრიდან აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უფრო მაღალმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიმანარცხა სატვირთოს საბარგულზე - რატომ არ გააჩერე მანქანაო.

დაბალმა ამოიღო იარაღი და მომიშვირა. ჩემი შვილი იყო მანქანაში და ჩამოვიდა. მაღალმა მასაც დაარტყა, მეორეს მოშვერილი ჰქონდა იარაღი, გაისროლა რამდენჯერმე ინტერვალით. შემდეგ მაღალმა ჩემს შვილს გულმკერდის არეში ამოარტყა წიხლი, ჩაიკეცა და დაეყრდნო მკერდზე.

იქ მივიდა მეორე და წაქცეულის ცემა განაგრძეს კისრისა და თავის არეში.

შვილის დასახმარებლად გავიქეცი მანქანაში, რათა ტელეფონით დამერეკა და საშველად მომეხმო. ავედი მანქანაში და დავინახე, რომ პოლიციელებიც მომდევდნენ, ამიტომ მანქანის კარი ჩავკეტე. ვერ გააღეს კარი და შემომთავაზეს ჩამოვსულიყო და არ დამერეკა საპატრულო პოლიციაში, მაგრამ მაინც დავრეკე რამდენჯერმე.

მოვიდა საპატრულო და სასწრაფო დახმარებაც. 112-ზე ზარის შემდეგ მომთხოვეს საბარგულის გაღება. რომელიღაცამ ჩემს თვალწინ პოლიციის ფორმა დახია და უთხრა - ამ ფორმის დახევისათვის შენც დაისჯებიო.

შვილი:

გაჩერების შემდგომ ,,პატივცემულებისაგან" წამოვიდა აგრესია მამაჩემის მიმართ. ,,რატომ არ გამიჩერე მანქანა იქ, სადაც მე გთხოვე, ბიჭო" - ასეთი სიტყვებით შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ. მანქანიდან დავინახე, რომ მამა მიყუდებული ჰყავდათ მანქანაზე, კაბინასა და ავზს შორის და უმოწყალოდ სცემდნენ. გადავედი და შევეცადე გაშველებას და პოლიციის თანამშრომლებს მოვუწოდებდი წესრიგისკენ.

ამის შემდეგ მე დამიწყეს ცემა, მამა მანქანაში ჩაიკეტა, რომ დაერეკა საპატრულოში. პოლიციელები შემდეგ მივიდნენ მანქანის კართან, ,,დაეჯაჯგურნენ" და ეუბნებოდნენ - ,,არსად დარეკო, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვგვარდეთ, დავილაპარაკოთო". როცა დავრეკეთ 112-ზე, ამის შემდეგ ხმამაღალი ტონით დაიწყეს ყვირილი - საბარგულის კარის გააღეო. მანამდე მისი გაღება არ მოუთხოვიათ. მე არ გავუღე საბარგულის კარი, რადგან მთვრალები იყვნენ.

,,ვიმყოფებით ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, მაგრამ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვსო" და კვლავ ითხოვდნენ საბარგულის კარის გაღებას. ვუთხარი, რომ მხოლოდ მაშინ გავაღებდი საბარგულის კარს, როდესაც საპატრულო პოლიცია მოვიდოდა, თუმცა ისინი კვლავ მოითხოვდნენ კარის გაღებას.

დაბალმა სცადა კარის გაღება, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მისი გაღება ძნელია. ამის შემდეგ მოვიდნენ საპატრულო პოლიციელები, რომლებმაც განმუხტეს სიტუაცია.



მოწმე პოლიციელები:

სასამართლო სხდომაზე ხაშურის სამმართველოს უფროსმა ზაალ ტაბატაძემ განმარტა, რომ შეტყობინებიდან დაახლოებით 5 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, მისი მისვლისას ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იყო მხოლოდ შელაპარაკება, თუმცა სიმშვიდისკენ მოწოდების შემდეგ, ორივე მხარე დაწყნარდა. ხაშურის პოლიციის უფროსს მოქალაქეებზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია - ,,სიბნელე იყო და ვერ შეამჩნევდა". თუმცა, მისი თქმით, პოლიციელები ,,ფხიზლებს" არ ჰგავდნენ, რაც ალკოტესტმაც დაადასტურა.

ტაბატაძის მოადგილემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მათ პირველ რიგში დახმარება აღმოუჩინეს მამა-შვილს, ხოლო შემდეგ - პოლიციის მაღალ თანამშრომელს, რომელსაც ,,გული ჰქონდა აჩქარებული".

სასამართლო პროცესზე დაიბარეს ბორჯომის პოლიციის უფროსიც, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებული პოლიციელები ნახა დაახლოებით 20 საათზე, როდესაც ისინი წავიდნენ ახალდაბისაკენ თავისი მოვალეობის შესასრულებლად, მათი სიმთვრალე არ შეუმჩნევია.

ბორჯომის პოლიციის უფროსმა დაკითხვისას საუბარი წარმართა იქითკენ, რომ მის მთვრალ თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ ყველა საეჭვო მანქანა გაეჩერებინათ და შეემოწმებინათ.

,, სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე ბორჯომის პოლიცია პატრულირებს 24-საათიან რეჟიმში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და გადაზიდვის გამოსავლენად. ამ მიზნით უფლება ჰქონდათ ყველა საეჭვო ავტომანქანა გაეჩერებინათ. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ავტომანქანა დატვირთული ყოფილა კარტოფილით, რომლის ქვეშ ყოფილა ხის მასალა."" - განაცხადა ბორჯომის პოლიციის უფროსმა.

ბრალდებულები:

,,ვმუშაობ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის რაიონში მომხდარი ხანძრის შემდეგ, ხე-ტყის უკანონოდ გადაზიდვის აღკვეთის მიზნით ბორჯომისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიჯნაზე არსებულ ტაშისკარის ხიდთან შექმნილი იყო მოძრავი საგუშაგო. 2018 წლის 3 მარტის 22 საათიდან ჩემ მეწყვილესთან ერთად აღნიშნულ საგუშაგოზე ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. ვიყავი ,,ნაბახუსევი". ჩვენი ავტომანქანა ,,პიკაპი", რომელსაც ჰქონდა ციმციმა მაშუქები და გვერდებზე პოლიციის ლოგო, იდგა წინა ნაწილით ბორჯომის მიმართულებით, საჭესთან ვიჯექი თვითონ. დაახლოებით 00:30 საათზე, გვერდით ჩაგვიარა დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო დატვირთული. პოლიციის ავტომანქანა მოვატრიალე და უკან გავყევი გაჩერების მიზნით. ფარების მრავალჯერადი ჩართვა-გამორთვით ვანიშნებდი გაჩერებას, ამავე დროს ჩართული მქონდა ,,ციმციმა მაშუქები". ავტომანქანა მძღოლმა არ გააჩერა, გავიარეთ დაახლოებით 4 კილომეტრი, რის შემდეგ ავტომანქანა გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს და გაჩერდა. მძღოლთან მივიდა და ვთხოვე საბარგულის გაღება, ამასთან ვუთხარი - ,,ამდენი ხანი მოგყვებით და რატომ არ გააჩერეო". მძღოლი ,,გადმოხტა" ავტომანქანიდან და აგრესიულად, ყვირილით მომმართა - ,,ვინ ხართ რომ მაჩერებთ, თქვენ უფლებამოსილი პირები არ ხართო" და უარი მითხრა საბარგულის გაღებაზე. შევკამათდით. ამ დროს კაბინიდან მათთან მოირბინა მძღოლის შვილმა და თქვა, რომ დარეკილი ჰქონდა შესაბამის უწყებებში, რომლებიც მალე მოვიდოდნენ. მძღოლმაც თქვა, რომ მასაც დარეკილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ თავად ვიყავი ,,შესაბამისი უწყება" და ვაჩვენე პოლიციელის მოწმობა. მძღოლი და მისი შვილი გახდნენ აგრესიულები, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმაყენეს, შემდეგ გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. პირველად მძღოლმა დამარტყა ხელი სახეში მარჯვენა მხარეს, ხოლო მისი შვილი მირტყამდა მარჯვნიდან.

ამ დროს მარჯვენა მხრიდან მოვიდა მეწყვილე, ცდილობდა გაშველებას, თუმცა ვერ მოახერხა. ამ დროს შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ მეწყვილესთვის ამოეცლიათ სამსახურებრივსაშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მას მარჯვენა მხარეს ედო (კონფლიქტის დასრულების შემდეგ იარაღი ბუდიდან იყო ამოწეული). დაიძახა, რომ გაჩერებულიყვნენ, ხელი გაეშვათ, გადადგა სამი ნაბიჯი უკან და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში. ვიდრე 5-ჯერ არ გაისროლა, ცემა არ შეუწყვეტიათ. ამის შემდეგ
დამშვიდდნენ. "

ექსპერტიზა:

,,სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე: ნაჭდევები შუბლზე, ყურზე, მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, სისხლნაჟღენთები მკერდზე, მარცხნივ იღლიის წინა ხაზზე, იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, თხემ-კეფის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკეც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 4 მარტს.'' - წერს ექსპერტი მაჭავარიანი.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის განაჩენი:

პოლიციის თანამშრომლები ვ.მ. და ვ.თ. ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით. გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

პოლიციელებისთვის მიყენებული ზიანი კი გულისხმობს იმას, რომ სასამართლო განხილვის პერიოდში, მათ სამსახურებრივი მოვალეობა შეჩერებული ჰქონდათ, ხოლო გარკვეული პერიოდი ანაზღაურებას არ იღებდნენ.

პოლიციელების ადვოკატი:

,,ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელები აღარ მუშაობენ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ ძალაში დატოვა გამამართლებელი განაჩენი. მიმაჩნია, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას, რადგან როგორც სხდომების მიმდინარეობისას გაირკვა, ძალიან ხშირად ადგილი ჰქონდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას. დაზარალებული აცხდებს, თითქოს ამ პოლიციელებს არ ჰქონდათ უფლება მისი გაჩერების, რაც არაა სწორი. რაც შეეხება სიმთვრალეს, დადგინდა, რომ მათ წინა დღეს იქეიფეს ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციელის საფლავზე." - აცხადებს ადვოკატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები