ახალი ამბები
ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად ცხინვალის ტელევიზია დატოვა
ჟურნალისტმა, ალან თიბილოვმა, პროტესტის ნიშნად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ტელევიზია დატოვა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თიბილოვის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ მედიაორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას არ აშუქებს.

,,მინდა ვუპასუხო იმ კითხვას, რომელსაც მეგობრები და ნაცნობები მეკითხებიან. რატომ არ არის რეპორტაჟი იმ მოედნიდან, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს? სწორია ეს? Რა თქმა უნდა, - არა. უნდა გაშუქდეს აქცია. ჟურნალისტის ამოცანაა მოსახლეობის ინფორმირება და გაჩუმება ასეთ სიტუაციებში, არ შეიძლება, განსაკუთრებით ამაში! არასოდეს მიმუშავია მოგებისთვის და ფულისთვის. ყოველთვის ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა რესპუბლიკისთვის. სამწუხაროდ, რეპორტაჟის გადაღება ვერ მოვახერხე, თუმცა მსურდა. ბოდიშს ვუხდი ინალის დედას. ბავშვობაში ფეხბურთზე (ინალ ჯაბიევთან) ერთად დავდიოდი. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამორალურია ამ ამბის დამალვა. დიახ, გუშინდელი დღიდან აღარ ვმუშაობ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია" IR "- ში. მადლობა ყველას, ვინც ამჯერად ჩემთან და გეორგი გენოევიჩთან თანამშრომლობდა ადამიანური დამოკიდებულებისთვის.'' - წერს ალან თიბილოვი.

ჟურნალისტი ყორნისის (ზნაური) რაიონის სოფელ ოჟორადანაა.

ტელევიზიიდან თიბილოვის წასვლას გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორის რაიონში ცხოვრობს. ახალგორის დე-ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ:

,,ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს მისი პროპაგანდისტული რეპორტაჟები აქაურობის შესახებ. მე შემდეგ ვესაუბრე ყველა რესპოდენტს, რომელმაც ინანა, რომ მას მისცა ინტერვიუ. დაჭრა და შეადგინა ტექსტი, როგორც ხელისუფლებას სურდა, რომ ეს იყო უღირსი ადამიანი, რომელიც ობიექტურ ჟურნალისტობაზე პრეტენზიას გამოთქვამს. მისი სხვა სამარცხვინო ისტორიებს აღარ გავიხსენებ." - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

ცნობისათვის, 2020 წლის 3 დეკემბრიდან, ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი თეატრის სკვერში ღამეებს ათევენ და დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურორის, ურუზმაგ ჯაგიევის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები არიან ინალ ჯაბიევის ტყუპი ძმა, აცამაზ ჯაბიევი და მათი დედა.

პარალელურად, ე.წ. პროკურატურამ აცამაზ ჯაბიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი გამოსვლის დროს, ძმამ დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ შეურაცხყმყოფელი სიტყვები გამოიყენა. პროკურატურამ, სწორედ, ამ კუთხით აღძრა საქმე აცამაზ ჯაბიევის მიმართ.

თეატრის სკვერში იმყოფება ასევე ჯაბიევების დედა და მცირეწლოვანი შვილიშვილები.

აქციის დაწყების პირველივე დღიდანვე დე-ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა თეატრის სკვერის გარშემო რკინის ღობეები დაამონტაჟეს. მოედნის გარეთ მყოფ მოქალაქეებს არ შეუძლიათ სკვერში შესვლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები