ახალი ამბები
დათა ვანიშვილის რძალს, რომელიც 8 თვის ფეხმძიმეა, დე-ფაქტო ხელისუფლება ოძისში ქართულ მხარეს გადასცემს
დღეს, ოძისში, ქართულ მხარეს დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის (ქორთიაევს) მეუღლეს თათია ადიკაშვილს გადასცემენ. 

ამის შესახებ ირაკლი ანთიძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში სოფელ ქვემო ჭალაში იმყოფება. 

მისი თქმით, დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი (ქორთიაევი) და მისი მეუღლე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან:

ირაკლი ანთიძის განცხადებით, მალხაზ ვანიშვილს (ქორთიაევს) ე.წ. მოქალაქეობა მისცეს, ხოლო ფეხმძიმე ქალს დღეს ქართულ მხარეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები  გადასცემენ.



მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი  2019 წლის დეკემბერში შეუღლდნენ. მალხაზის მშობლები ვლადიკავკაზში ცხოვრობენ. ის პაპასთან ხშირად ჩადიოდა, სადაც გაიცნო თათია ადიკაშვილი, რომელიც ხურვალეთში ცხოვრობდა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პირველად 2020 წლის აპრილში იმ დროს დააკავეს, როცა შვილიშვილი და რძალი პაპასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. ღამით ჯერ მალხაზი წაიყვანეს, დილით კი, - თათია. კორონავისუსთან დაკავშირებით, საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარი ხურვალეთში დააბრუნეს. 

ახლა კი, ირაკლი ანთიძის ცნობით, ცოლ-ქმარი კვლავ გადავიდნენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბიჭს მოქალაქეობა მისცეს, გოგოს - არა.

ხურვალეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფლის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს. ეს სოფელი რამდენიმე უბნისგან შედგება, მათ შორის, დიდი ხურვალეთი, ახალი ხურვალეთი (იგივე ბობნევი). დათა ვანიშვილის სახლი სწორედ ახალ ხურვალეთში დგას. მავთულხლართების გავლების შემდეგ, მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები