ახალი ამბები
ზემო შაქშაქეთში აქცია გაიმართა
სოფელ ზემო შაქშაქეთში დაწყებულ სახლების ნგრევის პროცესს ორ მეგავატამდე სიმძლავრის ჰესს უკავშირებენ, რომელიც დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ჯერ კოდევ 2014 წელს აშენდა.

ადგილობრივების თქმით, მაშინ მერიის წარმომადგენლები პირდებოდნენ, რომ სოფელს დენი უფასოდ ექნებოდათ და მათი მხარდაჭერაც ამიტომ მიიღეს, აღმოჩნდა რომ დაპირება არარეალური იყო.

შაქშაქეთელებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, რომელსაც სოფლის დეპუტატი ესწრებოდა. თამარ დიასამიძის განცხადებით, ჰესი თავდაპირველად ქარელის მერიის ნებართვით შპს ,,მედგრუპ ჯორჯიამ" ააგო, მოგვიანებით შპს ,,ერა ჯორჯიაზე" გასხვისდა და ახალი კომპანია წინამორბედის მიერ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.



პრობლემის შესახებ სოფლის დეპუტატმა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მთავრობას აცნობა, თუმცა, რეაგირება ამ დრომდე არ არის.

სოფელში აცხადებენ, რომ დასახლება მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ რეაგირება არ იქნება, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მათივე თქმით, ბზარები რამდენიმე სახლს უკვე გაუჩნდა.

ახლა ჰესის გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო აშინებს. სამუშაოების მწარმოებელი კობა ზედგენიძე ამტკიცებს, რომ სახლების ნგრევა ჰესთან დაკავშირებული არ არის და პრობლემას მეწყრულ პროცესებს უკავშირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები