ახალი ამბები
გორში 25 ახალი ავტობუსი უკვე ავტოსადგომზეა
გორისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსები უკვე ავტოსადგომზეა. ავტოსადგომი ახალი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

სულ ქალაქისთვის 30 ავტობუსია გათვალისწინებული. ქონება ააიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის ავტოსატრანსპორტო კომპანიამ" ჩაიბარა.

კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ახალი ტრანსპორტი თებერვლიდან დაიწყებს მუშაობას. მანამდე, კომპანიას ტექნიკური ხასიათის სამუშაოები აქვს ჩასატერებელი, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა, თანხის გადახდის ელექტრონული აპარატების დამონტაჟება და ა.შ. მძღოლს ფულთან შეხება არ ექნება. ტრანსპორტის ამუშავება ასევე დამოკიდებული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებით, არსებულ მდგომარეობასთან.

მარშრუტების რაოდენობა, მოძრაობის ინტენსივობა და ზოგადად გრაფიკი მობილური იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის რეჟიმში ავტობუსები დილის 7 საათიდან 11 საათამდე, ხოლო ზამთრის რეჟიმში დილის 7 საათიდან საღამოს 7-8 საათამდე იმოძრავებს.

დაგეგმილია, რომ ავტობუსებმა იმოძრაოს 15 წუთის ინტერვალით, თუმცა, როგორც ჯირკველიშვილი განმარტავს, ნებისმიერი ცვლილება ან მასთან დაკავშირებული რაიმე გადაწყვეტილება მგზავრთა ინტერესების გათვალისწინებით იქნება შემუშავებული.

მგზავრობის ფასი არ შეიცვლება და იქნება 50 თეთრი. ხოლო მერიას შესაძლებლობა ექნება სოციალური პროგრამები განახორციელოს. 

დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ტრანსპორტის სააგენტოს გადაეცემა. მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე შეადგინა და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა.ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იყიდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები