ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღისთვის'' 7,8 მლნ ლარი დაიხარჯება
გორის კულტურისა და დასვენების პარკს ,,ახალბაღი" რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

ჯამში გამოყოფილია 7,86 მლნ ლარი. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებების მიღება 2021 წლის 12 თებერვლიდან უნდა დაიწყონ და დასრულდება 15 თებერვალს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 9 თვეში უნდა დაასრულოს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას შორის გაფორმებული საინვესტიციო დაფინანსების შეთანხმების მიხედვით, რეაბილიტირებული ობიექტების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გორის მუნიციპალიტეტს.

პარკი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და დეტალური ტექნიკური პროექტი შეთანხმებულია და დამტკიცებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.



პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სამუშაოები:

- არსებული დაზიანებული კონსტრუქციების და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონების დემონტაჟი;

- ახალი შემოღობვა პარკის მთელი პერიმეტრის გარშემო;

- საინფორმაციო ბანერის განთავსება ახალბაღის პარკის შესასვლელში;

- ამფითეატრის რეკონსტრუქცია;
- ხელოვნური პატარა ტბის და შემაერთებელი არხების რეაბილიტაცია;

- ბავშვებისთვის განკუთვნილი ავტოდრომის ატრაქციონის რეაბილიტაცია;

- ველოსიპედების ტრეკების რეკონსტრუქცია;

- ბილიკის მოწყობა ველოსიპედებისათვის, პატარა ხიდზე;

- საზოგადოებრივი ტუალეტის რეკონსტრუქცია, მათ შორის, ინფრასტრუქტურის დამხმარე ელემენტების მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;

- ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, მათ შორის, აზბესტო-ცემენტის მასალით გადახურული სახურავის (144 მ2) შეცვლა;

- ღია ცის ქვეშ არსებული პლატფორმის/სცენის და კაფე "ოდესას" (ამჟამად არფუნქციონირებს) რეაბილიტაცია;

- ავტოდრომის, კოლონადების, იოსებ სტალინის ძეგლის და ნიკო ლომოურის ბიუსტის რეაბილიტაცია;

- პლატფორმების მოწყობა პატარა ხელოვნური ტბის სიახლოვეს;

- მცირე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია ხელოვნურ ტბაზე;

- ღია ცის ქვეშ სავარჯიშო ობიექტების, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების და სამაგიდო თამაშებისთვის სივრცეების მოწყობა;

- პავილიონების, კაფის და საზოგადოებრივი ტუალეტის სავენტილაციო სისტემის მოწყობა;



- ე.წ. ტრეკების და სკეიტბორდის სივრცეების მოწყობა სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარულთათვის;

- გარემო ტერიტორიის კეთილმოწყობა: ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა;

- შემოღობვის მოწყობა პატარა ზოოპარკთან;

- ფეხბურთის პატარა სტადიონზე (ფუნქციონირებს) მაყურებელთა ტრიბუნების მოწყობა;

- გარე განათების მოწყობა ქვე-პროექტის მთელ ტერიტორიაზე.

ობიექტები დაუერთდება წყალმომარაგების და კანალიზაციის ცენტრალურ სისტემებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები