ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივა
ზაზა გახელაძეს წინასწარი მატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივდა - ეს გადაწყვეტილება ცხინვალოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ გუშინ 23 დეკემბერს მიიღო.

ამის შესახებ ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. გახელაძეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებდნენ. ისინი თვლიან, რომ კონკრეტული სამთავრობო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტური არ არის.

33-წლის ზაზა გახელაძე, 2020 წლის 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯერ ესროლეს და ფეხში დაჭრეს, შემდეგ - დააკავეს. ოჯახის წევრების ცნობით, გახელაძე სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სროლა გახელაძემაც განახორციელა.

დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

სახალხო დამცველის განცხადებით შემაშფოთებელია, რომ კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გადაადგილების, საკუთრების, განათლების მიღების თუ სხვა ადამიანის უფლების სისტემატიური შეზღუდვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები