ახალი ამბები
შობა გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში - ფოტოამბავი
შეზღუდვების გამო ღამისთევა ვერ შეძლეს. გადაწყვიტეს, საშობაო წირვა დღის საათებში ჩაეტარებინათ. ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ გორში შობის დღესასწაული წელს განსხვავებულად აღნიშნა.

გორის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია წმინდაწყლის დასახლებაში მდებარეობს. გარშემო რამდენიმე კორპუსი დგას. ეკლესიის წინამძღვარი, შმაგი ჭანკვეტაძე გვეუბნება, რომ მოსახლეობასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. სწორედ, ეს გახდა ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ეკლესია ამ დასახლებაში დარჩენილიყო.

შენობაში შესვლისთანავე ყველა ერთმანეთს უღიმის. საჩუქრებს ჩუქნის. ვერ გაარჩევთ, ვინ სტუმარი და ვინ მასპინძელია. აქ ყველა თაობის ადამიანს ნახავთ, ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, შუახნის თუ ხანშიშესულს.



მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, მრევლი ახლა თავს შედარებით მშვიდად გრძნობს. შენობა, რომელსაც წლების განმავლობაში, ედავებოდნენ, დღეს უკვე უვადო სარგებლობაში აქვთ, თუმცა, არა საკუთრებაში.
ეკლესიის წინამძღვარი გვიყვება იმ ისტორიას, რაც დაარსების დღიდან გადახდათ. თავდაპირველად, 90-იან წლებში, კერძო სახლებში მსახურობდნენ, შემდეგ, 2000 წელს, შენობა არენდით აიღეს.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, შენობის შესყიდვა გადაწყვიტეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ დოკუმენტაცია დაკარგული იყო, კერძოდ, დაიკარგა იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეკლესიას ეს შენობა არენდით იყო აღებული.

შმაგი ჭანკვეტაძე იხსენებს, რომ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლო სხდომებიც კი გაიმართა, თუმცა უშედეგოთ.

ვითარება მათ სასიკეთოთ მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც 2007 წლის შემდეგ, მათი მდგომარეობა სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა. სახალხო დამცველი ითხოვდა, რომ სახელმწიფოს საკითხი რელიგიური კონფენსიის წარმომადგენელთა სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო.



აღმოჩნდა, რომ 2009-2010 წლებში, ქონება ერთ-ერთ კერძო კომპანიას გადასცეს, რომელსაც ტერიტორიაზე ტრაქტორების მექანიზაციის ცენტრი უნდა გაეხსნა.

2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ანგარიშში გორის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის საკითხი შევიდა. შმაგი ჭანკოტაძემ გვითხრა, რომ ამ ფაქტმა საკმაოდ დააჩქარა პრობლემის მოგვარება, თუმცა მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, კერძოდ, სახლმწიფო მინისტრის, ზაქარეიშვილის მინისტრობის პერიოდში.

პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივით, რელიგიურ კონფენსიებს გადაეცათ ის ქონებები, რომლებიც სხვა კონფენსიებთან არ იყო სადავო.

,,მართალია, შენობა უვადო სარგებლობაში მოგვცეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, თუმცა საკუთრების უფლებით მაინც არ მოგვცეს." - ამბობს ბატონი შმაგი.

მისი ინფორმაციით, შენობა 2015 წელს გადასცეს.



დღეს, 2020 წლის 25 დეკემბერს საშობაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძვლზე ჩატარდა. მორწმუნეები პირბადეებით იყვნენ, სკამები კი დისტანციურად დაიკავეს.

ეკლესიის წინამძღვარმა ქადაგება პატარა განცხადებით დაიწყო, რომელიც სწორედ იმ შეზღუდვებს ეხებოდა, რამაც კორონავირუსის გამო, ისინი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა:

,,ბოლო დღემდე არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. როგორც აღგვეღნიშნა შობა," - თქვა შმაგი ჭანკვეტაძემ. მან დეტალურად მოყვა იმ ვითარების შესახებ, რა ვითარებაშიც ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო.

,,გვქონდა მოლოდინი, რომ 24 დეკემბრის ღამისთვის მოხსნილი იქნებოდა შეზღუდვები, თუმცა ეს ასე არ მოხდა. არც ტრანსპორტის გადაადგილება დაუშვეს. ესეც არ იქნებოდა პრობლება. ჩვენ ჩვენი ძალებით შევძლებდით მრევლის მიყვანას ადგილზე, თუმცა ორი დღის წინ, გვითხრეს, რომ კონკრეტულ ადამიანებზე დაუშვებდნენ საშვებს. რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. დაუშვეს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. ჩვენი მოსახლეობის ალბათ 80% წავა ტაძრებში, ისინი მივლენ ტაძრებში, ილოცებენ. მე მინდა დავსვა კითხვა, რომელი უფრო საშიშია, როცა აბსოლუტური უმრავლესობა, თუ ის, რომ აბსოლუტურ უმცირესობას ჰქონოდა შეკრების საშუალება. თურმე, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და მათ აზრს ვიზიარებით. უმცირესობებმა რა დააშავა," - განაცხადა ეკლესიის წინამძღვარმა.

ეკლესიაში დადიან როგორც ქალაქის, ასევე, რაიონის მცხოვრებნი. მათ შორის, ნონა გოგიაშვილი, რომელიც საშობაო ღვთისმსახურებაზე შვილიშვილთან ერთად იყო. ნონა ამბობს, რომ ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მრევლი 2006 წლიდანაა. იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც პირველად დაიწყო არამართლმადიდებლურ ეკლესიაში სიარული:



,,მაშინ საკმაოდ რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. წინააღმდეგობა ოჯახისგანაც იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს უკვე აქ ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად დავდივარ" - გვეუბნება ნონა გოგიაშვილი.

მისი შვილიშვილი საკვირაო სკოლის მსმენელია, რომელიც ამავე შენობაში 4 ოთახშია გახსნილი. განსაკუთრებით, მომხიბვლელია ბავშვთა ოთახი, სადაც სათამაშოებთან ერთად, კედლები მოხატულია

,,აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი იმ ადამიანების გაკეთებულია, ვინც ჩვენს ეკლესიაში დადის," - აგვიხსნა ეკლესიის წინამძღვრის მეუღლემ, თამარ ჭანკვეტაძემ.



,,ჩვენ გვინდა, რომ ბავშვები შინაგანად გრძნობდნენ ღმერთს. გაითავისონ ქრისტეს განცდები. ვცდილობთ ბავშვებს არამარტო გავულამაზოთ ცხოვრება, არამედ სიტყვითაც იგრძნონ შვება. განსაკუთრებით, თუ გაჭირვებული ოჯახიდან მოდიან."" - ამბობს თამარ ჭანკვეტაძე.

ნოდარი წმინდაწყლის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ის ეკლესიაში უკვე რამდენჯერმე მივიდა. ჯერ მხოლოდ სტუმრის სტატუსით სარგწბლობს.

,,მე დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ, აქვე, წმინდაწყალზე. აქ მხოლოდ სტუმარი ვარ. რამდენიმე შეხვედრას დავესწარი," - გვითხრა ნოდარმა.

მისი მეგობარი მარი ამბობს, რომ რაც პანდემია დაიწყო, ახალგაზრდები ღვთისმსახურებას ვეღარ ატარებენ.


,,ნოდარი ჩემი დისგან გავიცანი. ჩემი დის მეგობარია. ასევე, კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოდის ხოლმე, რომელიც ასევე მეგობარია მათი. პანდემიამდე ორჯერ დაესწრნენ ახალგაზრდულ ღვთისმსახურებას. ახლა რაც ეს პანდემია დაიწყო, აღარ ტარდება ხოლმე. თითქმის ყველა სხვა ღონისძიებებსაც ესწრებიან. შეიძლება ეს არ იყოს ღვთისმსახურება. ძალიან უყვართ ახალგაზრდებს ამ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება" - გვითხრა მარიმ.

ეკლესიაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ღვთისმსახური გავიცანით. გიორგი 24 წლისაა. ის ეკლესიის მედიამსახურების ლიდერია. დაამთავრა გორის მე-7 სკოლა, შემდეგ სწავლა ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე გააგრძელა.



დღეს სწუხდა, რომ მისი თანატოლების უმრავლესობა მსახურებაზე ვერ მივიდა, რადგან ჯერ ერთი სამუშაო დღე იყო, შემდეგ ზოგიერთ სტუდენტს გამოცდები დაუნიშნეს. გიორგის მეგობრების უმრავლესობა გუნდში უკრავს და მღერის. მან ჩვენი ყურადღება მიიქცია იმით, რომ პირბადეზე ჰქონდა წარწერა ,,არა სიძულვილს".

,,ღმერთი ეკუთვნის ყველას. ვინც მთელი გული მიიღებთ, ყველას შეუძლია ემსახუროს ღმერთს. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, კათოლიკე, მართლმადიდებელი თუ პროტესტანტი. ზოგადად, ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანი ჩვენ არ გვგავს; როდესაც იმას არ იზიარებს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, თითქოს ვებრძვით მას და არ მოგვწონს. კეთილი სურვილიც რომ გვქონდეს და გვინდა მისი შეცვლა, ჯერ ის უნდა გვიყვარდეს, სიძულვილი არაა სწორი გზა. ღმერთი და წმინდა წერილი არ გვასწავლის, რომ ვიღაც გვძულს. ვფიქრობ, რომ ადამიანებს უნდა გვესმოდეს. თუ ვხედავთ, რომ არასწორად იქცევა, ეს სიყვარულით უნდა დავანახოთ," - ამბობს გიორგი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები