ახალი ამბები
,,21-ე საუკუნის" 21-ე წელი იწყება - რა ღირს პროდუქტი გორის ბაზარში
,,მოდი აქეთ დადექი გოგო, მანდ არ შეიძლება დგომა" - ეუბნება ერთ-ერთი გარემოვაჭრე მეორეს. უფრო სწორად, დროებითი მოვაჭრეს, რადგან ის ამ ბაზარში მუდმივად არ დგას და არ იცის შესაბამისი წესები, რაც აგრარულ ბაზარში მოქმედებს.

თუმცა შიო მღვიმელის ქუჩაზე, სადაც საახალწლოდ ე.წ. სტიქიური ბაზარი ჩნდება, ვაჭრობა თვითრეგულაციას ექვემდებარება. მთავარია, მანქანის გასასვლელი არ ჩაიკეტოს, დანარჩენს უკვე შპს ,,რონის" თანამშრომლები არეგულირებენ, რომელთაც ქალაქის ტერიტორიაზე პარკინგის წესებს არეგულირებს.

შიო მღვიმელის ქუჩაზე სწორედ იმ მანქანებიდან ვაჭრობენ, რომელთა მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებები საპარკინგედ დააყენეს. 

,,აბა რომელი გოჭი გაინტერესებთ?" - გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, მის დახლს რომ ჩავუარეთ. თითოეული გოჭი ერთმანეთისგან ალბათ 2-3 კგ-ით განსხვავდებოდა. თუმცა, მამაკაცი არ დაგვზარდა და ჩვენი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა - თითო გოჭი 100-დან 130 ლარამდე მერყეობს. 

სტიქიურ ბაზარზე ძირითადად მაინც ხორცი იყიდება, როგორც საქონლის, მაგრამ უმეტესად ღორის ხორცი. ხორცის გამყიდველები ერთმანეთს უკვე დაუახლოვდნენ, გაიცნეს და მწვადსაც წვავდნენ:

,,ცოტა ხანს დაგველოდე და მწვადზე დაგვეწვიე'', - მოგვმართეს მოვაჭრეებმა. თავიდანვე მიხვდნენ, რომ ჩვენ მყიდველები არ ვიყავით. მწვადის სუნი კი გავიყოლეთ შიდა ბაზარში. 

მთავარ შესასვლელში შემსვლელსა და გამსვლელს არავინ ამოწმებს, მათ შორის პირბადეების სწორად გამოყენების წესს. არა და, შს სამინისტრო ყოველდღიურად გვაწვდის სტატისტიკას, რომ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

გორის აგრარული ბაზარი ,,გეორგია 21-ე" 2000 წელს დაფუძნდა. 3 დღეში მისი არსებობის 21-ე წელი დაიწყება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები