ახალი ამბები
გორის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია საბოლოოდ დასრულდა
3-წლიანი ლოდინის შემდეგ, გორის სპორტის სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა.

სპორტის სასახლის მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

,,ეხლა ველოდებით პანდემიის შემსუბუქებას ქვეყანაში. სხვა ყველაფერი დასრულებულია. სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებზეა დამოკიდებული, თუ რომელი ტურნირით გაიხსნება დარბაზი," - განაცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.



რა პრობლემები ჰქონდა სასახლის მშენებლობას

ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში, მშენებლებს მუშაობისას ზედაპირული გრუნტის წყლები დახვდათ. ამის შესახებ კანადურმა კომპანიამ ,,Behlen Industries LP" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილობით აცნობა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, შეუსაბამო ნიადაგის გამო, ადგილზე დიდი რაოდენობით ბალასტის შეტანა და გრუნტის გამოცვლა გახდა საჭირო.

კომპანია ,,Behlen Industries LP"-ის წარმომადგენელი დაკმვეთს სთხოვდა, რომ სამუშაოების დასრულების ვადად 2017 წლის 29 დეკემბერი განსაზღვრულიყო. სპორტის სასახლე კი, სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაებარებინა.

სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია ,,სპორტმშენსერვისი" უწევდა. მისი დირექტორი ლევან ტარყაშვილი მინისტს ტარიელ ხეჩიკაშვილს სწერდა, რომ გრუნტის წყლები ჭალის დასახლებაში მოულოდნელი იყო.

აღნიშნულ წერილში არაფერია ნათქვამი საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობის შესახებ, რომლის მიხედვით, ადგილზე გეოგლოგიური დაკვირვება წინასწარ უნდა მომხდარიყო. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კანადურ კომპანიას მშენებლობის დასრულების ვადას 2017 წლის 20 ნოემბრამდე აძლევდა.

,,ქ. გორში შერჩეულ ტერიტორიაზეც დაფიქსირდა გრუნტის წყლების მაღალი დონე, გრუნტი იყო დაშლამული და დაჭაობებული და გრუნტის გასაძლიერებლად აუცილებელი გახდა დიდი მოცულობის ბალასტის შეტანა, ხოლო დაჭაობებულ მონაკვეთებში კი საჭირო გახდა გრუნტის შეცვლა." - აღნიშნავდნენ სამინისტროში.

პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს.


ქვემოთ ფოტოზე:

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ადმინისტრაციის განცხადება 2018 წლის 6 მარტს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები