ახალი ამბები
გორის სპორტის სასახლის გახსნაზე თემურ ხუბულური არ მიიწვიეს
სპორტის რაინდის წოდების მფლობელი თემურ ხუბულური დღეს გორის სპორტის სასახლის გახსნაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს დამსახურებულმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, მისი დიდი წვლილია იმაში, რომ დღეს გორს ასეთი მასშტაბური ობიექტი აქვს. ხუბულური აწ უკვე ყოფილი პარლამენტარია.

ასევე ყოფილი პარლამენტარი გორიდან თამაზ შიოშვილი წერს, რომ ის რომ გორში აშენდა სპორტის სასახლე, ეს სწორედ თემურ ხუბულურის დამსახურებაა. მისი თქმით, სპორტის სასახლე სხვა ქალაქში უნდა აშენებულიყო.

3-წლიანი ლოდინის შემდეგ, გორის სპორტის სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა.

სპორტის სასახლის მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

,,ეხლა ველოდებით პანდემიის შემსუბუქებას ქვეყანაში. სხვა ყველაფერი დასრულებულია. სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებზეა დამოკიდებული, თუ რომელი ტურნირით გაიხსნება დარბაზი," - განაცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.

თემურ ხუბულური წლების წინ წარმატებული ძიუდოისტი იყო და ის 1979 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ხუბულურმა ვერცხლის მედალი აიღო 95 წონით კატეგორიაში.

მისი წარმატებები სხვადასხვა წლებში ასე გამოიყურება: 1979-1981 - მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი , 1976-1979 - ევროპის 2 გზის ჩემპიონი , 1981-ვერცხლის პრიზიორი , 1977- ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში .

1974- ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი. 1975- ევროპის ჩემპიონი . 1979 - სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი ,1979-1982- სსრკ ორგზის ჩემპიონი , საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში 1976 წელი

Print

სტატიის გამოყენების პირობები