ახალი ამბები
თეა ახვლედიანი: ,,ოკუპირებული რეგიონებიდან 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მივიღეთ სამკურნალოდ''
"პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ.'' - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე, ოკუპირებულ ტერიტორიიდან გადმოყვანილ 250-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს უმკურნალა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელდა. მოხდა ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარება ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციების და აფხაზეთის რეგიონში ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტის გზით; სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდება როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

,,სამწუხაროდ, პანდემიის საპასუხოდ ჩვენს მიერ გაცხადებული ანალოგიური დახმარების განხორციელება დღემდე ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო. ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვის მომსახურებების მიღებას, რომლითაც წელს 900-მდე პაციენტმა ისარგებლა. გრძელდება ადგილზე სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაც და წელს ჯანდაცვის კომპონენტზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს" - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები