ახალი ამბები
გორში წმინდაწყლის დასახლებაში ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 21:30 სთ-ზე შეამჩნიეს.

მოვაჭრეების თქმით, ალი ცეცხლმოკიდებული ნაგვიდან გადავიდა. ჯერ ავეჯის მაღაზიებს მოედი, შემდეგ კი, - მთლიან შენობაზე გავრცელდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი.



იმის გამო, რომ მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახდენდა, დამატებითი ტექნიკის გამოძახება გახდა საჭირო.




კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების მიუხედავად, მოქალაქეები სავაჭრო ცენტრთან მივიდნენ. ძირითადად მოვაჭრეები. მათ საქონლის გამოტანა იმ მაღაზიებიდან დაიწყეს, რომელსაც ჯერ ცეცხლი არ ეკიდა, თუმცა გავრცელების საშიშროება არსებობდა. ავეჯი, შერეული საქონელი და საყოფაცხოვრებო ნივთები ქუჩაში, ცხინვალის გზატკეცილზე გაიტანეს.

შენობა და ქონება სააქციო საზოგადოება ,,კომერსანტი 95"-ს ეკუთვნის, რომელსაც 10-მდე მეწილე ჰყავს. შენობის მთლიანი ფართი 5500 კვ.მ-ია. ძირითადი ნაწილი დაქირავებული აქვს შპს ,,ჰერმესს", რომელსაც ქვეიჯარის სახით სხვადასხვა ინდმეწარმეებზე აქვს გაფორმებული.



მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით (ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით)



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით 00:00 სთ-ზე შეძლეს:

,,მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, ყველა შესაბამისი სამსახური.'' - აღნიშნეს პრეს-სამსახურში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები