ახალი ამბები
გორის სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგენენ
გორის ბაზრობის, სს კომერსანტი-95-ისთვის მიყენებულ ზარალს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები ადგენენ. დილიდან ისინი ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობენ.

გადაიკეტა ყველა შესასვლელი და გასასვლელი. შემთხვევის ადგილზე იმ ადამიანებსაც არ უშვებენ, ვინც ხანძრის შედეგად იზარალა.

პანდემიის გამო, ძირითადად, ტანსაცმლის ბაზრობა დაკეტილი იყო. რამდენიმე მოვაჭრეს სავაჭრო საქონელი ადგილზე მაინც ჰქონდა დატოვებული. შენობას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იცავდნენ.



სავაჭრო ცენტრში თითქმის ყველა იმ პირმაც იზარალა, ვისაც ავეჯის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. 

,,მე ქუთაისის ქუჩაზე ვცხოვრობ. როც გავიგე ხანძარი გაჩნდაო, მაშინვე გამოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კომენდანტის საათი იყო დაწყებული. ჩემი სახლიდანვე ჩანდა ალი. ჩემი მაღაზია დასავლეთის მხარესაა, ცეცხლი აღმოსავლეთ ნაწილიდან ვრცელდებოდა. რაც მოვასწარი გამოვზიდეთ, მაგრამ მაინც ვერ გადავარჩინე. რაც ცეცხლს გადაურჩა, თავისთავად წყლის ჭავლმა დააზიანა.'' - გვითხრა ავეჯის მაღაზიის მფლობელმა. 

ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედო შენობას, ძირითადად, სახურავს, რომ ე.წ. ,,დახურულ ბაზარში" ყველაფერი განადგურდა.

ცეცხლი დაახლოებით 21:30 სთ-ზე შეამჩნიეს.

მოვაჭრეების თქმით, ალი ცეცხლმოკიდებული ნაგვიდან გადავიდა. ჯერ ავეჯის მაღაზიებს მოედი, შემდეგ კი, - მთლიან შენობაზე გავრცელდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით 00:00 სთ-ზე შეძლეს:

,,მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, ყველა შესაბამისი სამსახური.'' - აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები