ახალი ამბები
ნაძვის ხის განათების აღდგენითი სამუშაოების გამო გორის რამდენიმე ქუჩაზე დენის მიწოდება შეწყდა
ნაძვის ხის განათების აღდგენითი სამუშაოების გამო გორის რამდენიმე ქუჩას დენის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ მოთხოვნით სახანძრო სამაშველო სამსახურმა ენერგო პრო ჯორჯიას მიმართა.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლის ცნობით, როგორც კი სახანძრო სამსახური მოთხოვნას გააუქმებს, დენის მიწოდება აღდგენა.

დღეს გორში, საახალწლო ნაძვის ხის განათება დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ფოიერვერკისგან გაჩნდა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვინიაშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

,,სახანძრო როცა მივიდა, დენი ეტაპობრივად გამორთეს. დამწვარია მხოლოდ ე.წ. ანგელოზის ფიგურა. სხვა არაფერია დამწვარი. მიმდინარეობს მუშაობა და ვცდილობთ ახალ წლამდე აღდგეს განათება" - აცხადებს ბაჩანა გვინიაშვილი.

ფაქტს გორის მერიაც გამოეხმაურა და განცხადებაც გაავრცელა: ,,გორში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა და დროებით ჩაქრა. ამ წუთებში მოედანზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. ნაძვის ხე პრობლემის მოგვარებისთანავე განათდება.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაპირველად კვამლი მოედანზე მყოფმა მოქალაქეებმა შეამჩნიეს, შემდეგ კი, - საახალწლო მორთულობას ცეცხლიც გაუჩნდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები