ახალი ამბები
რკონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
რკონში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს.

,,მთელი ღამის განმავლობაში წარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები