ახალი ამბები
გორში ფოსტის თანამშრომლებს გაფიცვის გამო ხელშეკრულებები შეუჩერეს
საქართველოს ფოსტის გორის ფილიალის 11 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერეს. ამის შესახებ წერილები თითოეულმა თანამშრომელმა გენერალური დირექტორისგან მიიღეს.

8 იანვრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ ფოსტის თანამშრომლებმა 2021 წლის 5 იანვრიდან ,,უკანონო გაფიცვა" მოაწყეს.

,,იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, გაცნობებთ, რომ ფოსტასა და თქვენს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია." - იტყობინება გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

როგორც ირკვევა, 2020 წლის 20 დეკემბერს გორის ფილიალის 11-მა თანამშრომელმა ოფიციალური წერილით ხელმძღვანელობას მისწერა. თანამშრომელთა მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ეხებოდა.
გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამშრომლებს პასუხობს რომ მათი მოთხოვნა, სახელფასო დანამატების გაზრდის თაობაზე, უსაფუძვლოა.

,,რაც შეეხება 2020 წლის 30 დეკემბრით დათარიღებულ თქვენს წერილს, რომელიც ფოსტას ჩაბარდა 2021 წლის 4 იანვარს და რომლითაც ითხოვთ დანამატების გაცემას, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომლითაც შეთანხმებულია პირობები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ოდენობა" - განმარტავს ჩიკვაიძე.

წერილის დასასრულს ლევან ჩიკვაიძე აღიარებს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება მართლაც გაფიცვას უკავშირდება:

,,ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი შეიცავს უკანონო გაფიცვის ნიშნებს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ფოსტა აპირებს დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები."" - აღნიშნავს გენერალური დირექტორი, რასაც თანამშრომლები მუქარად აღიქვამენ.

თანამშრომლები მხარდაჭერას და არასამთვრაობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.

ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც გენერალური დირექტორის წერილი მოგვაწოდა, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, ფოსტის თანამშრომლებს (კურიერებს ქალაქსა და რაიონში) არაადამიანურ პირობებში მუშაობა უწევთ. პანდემიის გამო დატვირთვა გაიზარდა, თუმცა ხელმძღვანელობამ პირობების გაუმობესებაზე არ იზრუნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები