ახალი ამბები
გორს თეატრში ფოტო მუზეუმი მზადაა
გორის თეატრი 14 იანვრისთვის ემზადება. ქართული თეატრის დღეს ფოტო მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება.

თეატრის განახლებულ მუზეუმში იმ ადამიანების შემოქმედების ამსახველი ფოტოები გამოფინეს, რომლებმაც თეატრის ისტორიას სათავე დაუდეს. მუზეუმი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელს ატარებს.

,,ერისთავის თეატრმა გადაწყვიტა 14 იანვარი, ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის თარიღი, გორის თეატრთან დაკავშირებული უცნობი გმირების პოპულარიზაციით აღნიშნოს. საზოგადოებისთვის მათ გაცნობას დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელით ვიწყებთ. ისტორიკოსი, არქეოლოგი, მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი, 1815 წელს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა.

ის, გიორგი ერისთავთან ერთად, ჩართული იყო ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის და განვითარების საქმეში. ცნობილია, რომ 1845 წელს, სოფელ ხიდისთავში, სცენის მოყვარეებმა არაერთხელ წარმოადგინეს მისი პიესა ,,გამოუცდელობა ანუ დროებით განშორება საყვარელთან". აღნიშნული შემოქმედებითი პროცესი ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა როგორც ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის, ისე გორის თეატრის დაარსების ოფიციალურ თარიღს და აქვს ლეგიტიმური უფლება გახდეს შემდგომი კვლევის ობიექტი და ისტორიული თარიღების ცვლილების პრეტენდენტი.'' - აღნიშნულია თეატრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

14 იანვარს, 13:00 საათზე თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ლაივ რეჟიმში გაიმართება დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის "ექიმბაში"(გამოცემული 1876 წელი) საჯარო კითხვა (რეპეტიცია). რეჟ.: დავით ჩხარტიშვილი.

16:00 საათზე ონლაინ რეჟიმში გაიხსნება დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის ახალი სამუზეუმო სივრცე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები