ახალი ამბები
დაკავებულმა ბრალდების შესახებ დადგენილების ფურცელი დახია - ადვოკატი
დაკავებულმა გიორგი მენაბდიშვილმა გამომძიებლის მიერ მისთვის გადაცემული ფურცელი, რომელიც ბრალდების შესახებ დადგენილებას წარმოადგენს, დახია.

ამის შესახებ ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებული იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ როგორც ადვოკატს, გასაუბრების საშუალებაც კი არ მიეცა. გიორგი მენაბდიშვილი აგრძელებს შიმშილობას და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.

კონკრეტულად რას ითხოვს 28-წლის მამაკაცი, ადვოკატს ამის განმარტებაც უჭირს.

მენაბდიშვილი 16 იანვარს კასპში დააკავეს. მას ორი ადამიანის თავისუფლების აღკვეთაში ედება ბრალი. მენაბდიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამაკაცს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ.

მამაკაცმა კასპის შს სამმართველოს დასახმარებლად არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოყოლია. მენაბდიშვილს და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ.

შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი იყო, ხოლო რიგები 2018 წელს დატოვა:

,,რამდენიმე დღის უკან მოგვმართა განცხადებით, კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან იყო მუქარა. დღეს ითხოვდა, რომ მანქანა გამოეყოთ და დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ის ითხოვდა, რომ წასულიყო რუსეთში.'' - განაცხადა ბორცვაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს ქურდული სამყაროს წევრები ემუქრებოდნენ, რის შესახებაც ორი დღის წინ პოლიციას აცნობა. ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრებს.

,,ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები