ახალი ამბები
66 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გივი იაზბარიანი
დღეს, 66 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა გამოცდილი სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მძლეოსნობის მწვრთნელი გივი იაზბარიანი.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

,,ბატონი გივი, ათეული წლების განმავლობაში ერთგულად და ნაყოფიერად ემსახურებოდა ჩვენი ქალაქის სპორტს. მან არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა. მისი შრომის შედეგები, ყოველ წელს, სულ უფრო და უფრო უკეთესი და მასშტაბური იყო. ბატონი გივი აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქალაქის სპორტისთვის. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, უსამძიმრებს ბატონი გივი იაზბარიანის ოჯახს და ახლობლებს. გორელ სპორტსმენებს, სპორტში მოღვაწე ადამიანებს მუდამ გვემახსოვრება ეს მუხლჩაუხრელად მშრომელი, მშვიდი და გულთბილი ადამიანი," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Qartli.ge-მ გასული წლის თებერვალში მოამზადა ბატონი გივის შესახებ სიუჟეტი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები