ახალი ამბები
ბიბილოვის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ აგრესორი მსხვერპლად წარმოაჩინა
,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგრესორი წარმოადგინა, როგორც მსხვერპლი'' - ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპულიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტში მხოლოდ საქართველოს პოზიციებია გაზიარებული, ხოლო სასამართლომ ფაქტიურად არ გაითვალისწინა ტალიავინის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და თავის დოკუმენტში დაწერა ყველაფერი, რაც ქართულმა მხარემ წარუდგინა მას. ⁣⁣⠀⁣⁣⠀

"არც მშვიდობიანი ოსების სასტიკი მკვლელობები, არც ნახევრად განადგურებული ცხინვალი, არც ოსი ლტოლვილების ტანჯვა და არც ქართველების მიერ ჩადენილი საომარი დანაშაულები არ მოხვდა. მხოლოდ საქართველო, მხოლოდ საქართველოს პოზიცია", - აღნიშნა ბიბილოვმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ჩადენილ ქმედებების გამო, პასუხისმგებელია რუსეთი. რაც შეეხება 8-12 აგვისტოს მოვლენებს, პერიოდში რუსეთს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი იურისდიქცია კონვენციის მიზნებისთვის და მას ამ პერიოდისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

"როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოუწია წარმოუდგენელი ძალისხმევის გაწევა იმისათვის, რომ ეღიარებინა - რომ ეს იყო ქართული ჯარის წარმომადგენლები, ვინც დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში და რუსეთმა გადამწყვეტი ზომების მიღება აგრესორის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლო. ეს გარემოება მიუთითებს საქართველოზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე, სულაც არ აწუხებს დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ – გვერდზე გამოქვეყნებულ ხანგრძლივ დოკუმენტს, "- თქვა ბიბილოვმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომში დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

აგრეთვე კონფლიქტის შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღო 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირმა. საომარი მოქმედებების გაშუქებისას დაიღუპა 3 და დაიჭრა 6 ჟურნალისტი. კონფლიქტის შედეგად 130 000 ადამიანს იძულებით მოუხდა საცხოვრებელი სახლის დატოვება, ხოლო 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. კონფლიქტის ზონაში სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი. ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია განხორციელდა.

ტალიავის დასკვნის მიხედვით, საქართველოს მხარეს დაიღუპა 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 პირი.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მხარეს დაიღუპა 368 ადამიანი (არაა დაკონკრეტული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების რაოდენობის შესახებ), ხოლო რუსეთის მხარეს - დაიღუპა 67 სამხედრო მოსამსახურე.

,,გენოციდის განზრახვაში დადანაშაულებული ქართველების ბრალი ვერ მტკიცდება. ოსურ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეს დასაწყისში იყო გაცხადებული. დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2 000 მშვიდობიანი მოსახლე იყო მოკლული ქართული ჯარის მიერ. მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის დაღუპულთა რიცხვი 162–მდე შემცირდა." - წერია ანგარიშში.

⁣⁣⠀
რა დარღვევა დაუდგინა რუსეთს სასამართლომ?


სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთის და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება.

დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავებით შეიქმნა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკა.

სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში ცხინვალის რეგიონის დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები