ახალი ამბები
რა ელის უბილეთო მგზავრს გორში? - მერიამ დაჯარიმების წესი შეიმუშავა
1-ელი თებერვლიდან ქალაქ გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის უფლება აღდგება, თუმცა გორის მერიამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ახალი ავტობუსების ამუშავების გეგმა.

მერიაში აცხადებენ, რომ მოსაგვარებელია ტექნიკური საკითხები, თუმცა რა ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, არ აკონკერეტებენ. ასევე არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა, თუ როდის უნდა ამოძრავდეს ქალაქში 30 ახალი ავტობუსი.

სამაგიეროდ, გორის მერიამ შეიმუშავა უბილეთო მგზავრების დაჯარიმების წესები. დადგენილების მნიშვნელოვან პუნქტებს Qartli.ge გაგაცნობთ. ეს წესები გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრებისთვის.

ავტობუსით უბილეთო მგზავრობის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლება აქვთ ა(ა)იპ "გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს" თანამშრომლებს. თანამშრომელი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შემვსები დააფიქსირებს დაჯარიმების პროცესს.

კონტროლიორი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას.

თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, კონტროლიორი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი), რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

თუ უბილეთო მგზავრს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, თანამშრომელმა, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით.

სააგენტო, საჯარიმო ქვითრის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით, დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ა(ა)იპ "გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს") დირექტორთან ან გორის რაიონულ სასამართლოში.

დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, მის განხილვამდე შეაჩერებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები