ახალი ამბები
მოჭრილი ხე-ტყე ტანას ხეობაში - პოლიციის საგუშაგოს გვერდით
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისსა და სოფელ ორმოცს შორის მდებარე სამხერხაოში, დიდი რაოდენობით ხე-ტყის მასალაა დასაწყობებული.

ღობიდან 50 მ მანძილზე კი პოლიციის მობილური საგუშაგოა განთავსებული, რომლის წარმომადგენლებს ხეობაში ხე-ტყის ჭრაზე კონტროლი აქვთ დავალებული.

რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. საქმიანო ეზო გახსნა, საკმაოდ მოშორებითაა განთავსებული.

სამხერხაოს მეპატრონის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო ჭრას ადგილი არ ჰქონია, მასალა კანონის ფარგლებშია დამზადებული და ყველანაირი საბუთი წესრიგშია.დოკუმენტაცია წესრიგშია.


ფოტოზე: სამხერხაო სოფელ ბიისსა და ორმოცს შორის.

2020 წლის გაზაფხულიდან შიდა ქართლის პოლიციას ხე-ტყის  ჭრასთან დაკავშირებით, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება დაევალა. პოლიციის მობილური ჯგუფები განთავსდა როგორც ტანას ხეობის ზემო სოფლებში, ასევე, გორის შესასვლელში, სოფელ ხიდისთავში.

პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ სატვირთო ავტომანქანებს და, როგორც ისინი მძღოლებს უხსნიან, აინტერესებთ, ხომ არ ახდენენ ხე-ტყის ტრანსპორტირებას.


ფოტოზე: პოლიციის მობილური საგუშაგო სამხერხაოს ღობის სიახლოვეს

2020 წლის მაისში, გარემოს ეროვნული სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ბობნევში (და არა ბიისში ან ორმოცში) საქმიანი ეზო მოეწყობოდა. ინფორმაციის მიხედვით, ბობნევში ტერიტორია შემოსაზღვრული იქნებოდა გარეგანათებით და ღობეებით.

,,ტყის ახალი კოდექსით ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა იცვლება. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება. ხე-ტყის დამზადება, დახარისხება და დასაწყობება ე.წ. "საქმიან ეზოებში განხორციელდება, რაც მოსახლეობას ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს. "საქმიანი ეზოს" მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 "საქმიანი ეზო" მოეწყობა. საქმიანი ეზოების" მოწყობის შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა და უკანონო ჭრები." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ქვემოთ ფოტოზე: ტერიტორია სოფელ ბობნევში, სადაც ,,საქმიანი ეზო" უნდა მოწყობილიყო

Print

სტატიის გამოყენების პირობები