ახალი ამბები
,,საქართველოს ფოსტამ'' სასამართლოს მიმართა, რათა გორში მიმდინარე გაფიცვა უკანონოდ იქნას ცნობილი
საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა  ლევან ჩიკვაიძემ იმ თანამშრომლებს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც გორში 2021 წლის 5 იანვრიდან გაიფიცნენ.

სარჩელი გაფიცულ თანამშრომლებს უკვე გაუგზავნეს. ისინი მზად არიან 10 დღის ვადაში შესაგებელი წარადგინონ.

სასამარჩელო მოთხოვნის მიხედვით, საქართველოს ფოსტა გაფიცვის ,,უკანონოდ ცნობას" ითხოვს. როგორც ფოსტის იურისტი, მათე ხვედელიძე წერს, თანამშრომლები ისე გაიფიცნენ, დირექციისთვის არ უცნობებიათ:

,,ქ. გორში განთავსებულია შპს საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრი, სადაც დასაქმებულები არიან კურიერები, რომელთა მეშვეობითაც კომპანია უზრუნველყოფს ადრესატებისთვის გზავნილებისა და კორესპონდენციის მიწოდებას. სრულიად მოულოდნელად, კომპანიისთვის ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, გორის სერვისცენტრის კურიერები გაიფიცნენ. ისინი უარს აცხადებენ შრომითი ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საფოსტო-საკურიერო საქმიანობა. საგულისხმოა, რომ გორში გაიფიცა დასაქმებული 11-ვე კურიერი, რაც შეუძლებელს ხდის სერვისცენტრის მუშაობას," - აღნიშნულია დავის არსის მოკლე განხილვაში.

კითხვაზე, თუ რატომ იყო მოულოდნელი გაფიცვა დირექციისთვის, სარჩელის ავტორი განმარტავს:

,,კურიერებმა 2020 წლის 30 დეკემბერს გამოაგზავნეს წერილობითი განცხადება, რომლითაც მოითხოვეს დანამატის მიღება. აღნიშნული განცხადება საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2021 წლის 4 იანვარს, თუმცა განცხადებაში არ ყოფილა გაკეთებული მითითება მოსალოდნელი დაცვისა და მისი წარმოშობის საფუძვლის, ასევე, შესაძლო გაფიცვის შესახებ. ამასთან კურიერები არ დაელოდნენ განცხადების განხილვისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული 10 კალენდარული დღის გასვლას და 2021 წლის 5 იანვრიდან შეწყვიტეს შრომითი ვალდებულებების შესრულება," - აღნიშნავს ფოსტის დირექტორი.

მანამდე, საქართველოს ფოსტის დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

,,გაცნობებთ, რომ თქვენი მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი შეიცავს უკანონო გაფიცვის ნიშნებს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ფოსტა აპირებს დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები."" - აღნიშნულია 8 იანვრის წერილში.

კურიერებმა მუშაობა 11 იანვრიდან განაახლეს, თუმცა საქართველოს ფოსტა გაფიცვის ფაქტის უკანონობის აღიარებას მაინც ითხოვს. თანამშრომლები კონსულტაციას იურისტებთან გადიან, რომელთა პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები