ახალი ამბები
რუსული ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს აწარმოებდა, საქართველოში დააკავეს
საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა მოქალაქე, რომელიც ფალსიციფირებული მედიკამენტების წარმოებისა და რეალიზაციის გამო, 2019 წლის 8 აპრილიდან იძებნებოდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი რუსეთში ფლობდა კომპანიას, რომელიც სხვადასხვა კლინიკებს მედიკამენტებით ამარაგებდა. რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებში ისიც აღნიშნულია, რომ სქემაში ჩართული იყო 3 კომპანია. ხოლო ეს სამი კომპანია მედიკამენტებით ამარაგებდა სხვადასხვა სამედიცინო კლინიკას.

,,ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ  პრეპარატები სინამდვილეში ვერ განკურნავდა სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის – ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. სამედიცინო პროდუქციის სტატუსის მინიჭებისათვის მ. ფ-მ წარადგინა ყალბი ინფორმაცია. ამასთან, იგი შესაბამისი პროდუქციის წარმოებისას იყენებდა მაქსიმალურად დაბალი ღირებულების, არასამედიცინო მასალას.'' - აღნიშნულია საქმის მასალებში.

მედიკამენტები იგზავნებოდა 7 კლინიკაში:

,,შემდგომში, ზემოაღნიშნული პირები მათ დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა კომპანიისა და მოძიებული პერსონალის მეშვეობით, რომელთაც არ გააჩნდათ სამედიცინო გამოცდილება, შესაბამისი კვლევების გარეშე, დაზარალებულებს უსვამდნენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოზს. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ დაავადების მწვავე ფორმაზე, რომელსაც შეეძლო მძიმე შედეგების, მათ შორის – სიკვდილის გამოწვევა და არწმუნებდნენ დაზარალებულებს შეეძინათ "ზ-ს" პროდუქცია, რომელიც არ იყო განკუთვნილი მითითებული დაავადების მკურნალობისათვის.'' - აღნიშნულია საქმის მასალებში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციისგან სხვა დამატებითი მასალები მოიპოვა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ინტერპოლით ძებნილმა პირმა ნამდვილად ჩაიდნა დანაშაული, კერძოდ:

,,რუსეთში, 2016 წლის მარტიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში მ. ფ-სა და მისი თანამონაწილეების უკანონო ქმედებების შედეგად მატერიალური ზიანი მიადგა, სულ მცირე, 1148 პაციენტს, ხოლო მიყენებულმა ზიანმა შეადგინა, სულ მცირე, 11 მლნ 760 393,9 რუსული რუბლი.'' - აღნიშნულია ბრალდებაში.

მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს, ექსტრადიციამდე გირაოთი სარგებლობდა. კერძოდ, 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღინისძიებით - გირაოთი. გირაოს თანხა განისაზღვრა 50000 ლარით. ექსტრადიციამდე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები