ახალი ამბები
გორში ასფალტის ქარხანა გაქურდეს
,,ზარალი აღწევს 35 ათასს ლარს" - აცნობა პოლიციას ასფალტის ქარხნის დირექტორმა როინ მიხანაშვილმა. სოფელ ორთაშენში, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულ დანადგარებიდან 7 ცალი მოტორი და სადენები მოხსნეს.

გორის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე 2 პირი დააკავა. დაშლილი მოტორის ნაწილები ჯართის ჩამბარებელ პუნქტში იპოვეს.

ბრალდებულები დღეს სასამართლო სხდომაზე წარადგინეს. დაცვის მხარე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, თუმცა ამ ეტაპზე მორიგება ვერ შედგა.

კომპანია ,,ვერელი +"-ის დირექტორის პრეტენზიებს არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი. ადვოკატის განცხადებით, მოძველებული დანადგარები ღია სივრცეში ეყარა, რის გამოც, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იცოდნენ, რომ ის ვინმეს საკუთრება იყო.

,,არ ვეთანხმებით ბრალს და აღვნიშნავთ, რომ ეს არ იყო ქურდობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ეს ნივთები ვინმეს საკუთრება იყო. ბიჭები სათევზაოდ იყვნენ და ამ ვითარებაში ნახეს ძველი ნივთები. ასევე, არ ვეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ზარალი 35 000 ლარს აღწევს. ჯერ ექსპერტიზაა ჩასატარებელი'' - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი წინასწარ პატიმრობას ითხოვს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები