ახალი ამბები
გორის მერია ვარიანის მეურნეობაში 3-ფაზიან ტუმბოს 4 თვეა ვერ ამონტაჟებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის მოთხოვნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. დასახლებაში, სადაც 120 ოჯახი ცხოვრობს, ერთი წელია პროექტის დასრულებას ელოდებიან.

გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში დაათვალიერა. თუმცა, მერიის პრეს-სამსახურის პრეს-რელიზის მიხედვით არ ჩანს, რა შედეგი გამოიღო დათვალიერებამ.

ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით დგინდება, რომ კომპანია ,,თერგმა'' სამუშაოები 2020 წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის 30 ნოემბერს უნდა დაემთავრებინა. თუმცა, ახალ-ახალი ,,სამუშაოების გაჩენის" მიზეზით, ვადამ 3-ჯერ გადაიწია. ჯერ 31 იანვრამდე, შემდეგ 10 თებერვლამდე, ამჯერად, კი, ვადა 3 მარტამდე მისცეს.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ,,თერგმა'' სამუშაოების ძირითადი დროის დასრულებას 69 დღე გადააცილა. თანხა კი 72%-ით აითვისა.

როგორც ირკვევა, 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, სასმელი წყლის პროექტის დასრულების ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად 3-ფაზიანი ტუმბო გახდა, რომლის დამონტაჟებას ვერ ახერხებენ. ასე, მაგალითად, ჩვენ გვაქვს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ორი წერილი, სადაც იგი მერს არწმუნებს, რომ 3-ფაზიანი ტუმბოს ვერდამონტაჟების გამო, კომპანია ,,თერგს'' ვადა გაუხანგრძლივონ

გორის მერის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი 2020 წლის 3 ნოემბერს გორის მერს კოტე თავზარაშვილს ატყობინებს. რომ ისევ ვერ ხდება პროექტით გათვალისწინებულ ჭაბურღილში სამფაზიანი სიღრმისეული ტუმბოს და ელექტრობასთან დაკავშირებული სამუოების მონტაჟი, რაც შეეხება ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებს, დასრულებულია. ზემოთ ხსენებული მიზეზიდან გამომდინარე კომპანია ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელებას.

2021 წლის თებერვალში კი კომპანია ,,თერგის'' დირექტორი გელა არეშიძე გორის მერიას ატყობინებს:

,,ვერ ხერხდება სამფაზიანი სირღმული ტუმბოს და ელგაყვანილობის მონტაჟი, ვინაიდან ჭაბურღილი არ მარაგდება შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგიით და გვთხოვს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდეს გონივრილი ვადით.'' - სწერს გორის მერიას კომპანია ,,თერგის'' დირექტორი გელა არეშიძე. სწორედ ამ საფუძვლით ვადა 3 მარტამდე მისცეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები