ახალი ამბები
მოსწავლეები სწავლას განსხვავებულ დროს იწყებენ - ხაშურის მე-8 სკოლის მეთოდი კოვიდის პირობებში
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს, გაკვეთილების განრიგის იმდაგვარად შედგენის უფლება მიეცათ, რომ  მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული მოსწავლეთა თავმოყრა.

ამ მიზნით, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლაში სწავლება კლასები 3 ცვლად დაიყო. აქ სწავლა საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან იწყება, შესაბამისად, მომზადებასაც შეუდგნენ.

გეგმა ასეთია: მოსწავლეები სკოლის შენობაში 3 ნაკადად სხვადასხვა დროს ხვდებიან, შესაბამისად, შესვენების საათებიც სხვადასხვა დროს ეწყებათ. სკოლის შენობაში შემოსულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.

მაგალითად,  I-IV კლასები დილით თუ იწყება 09.00 სთ-ზე, მეორე ცვლა V-VII კლასებისთვის იწყება თხუთმეტი წუთის დაგვიანებით - 09.15 სთ-ზე. უფრო მოზრდილები, მესამე ცვლის მოსწავლეები კერძოდ, VIII-XII კლასები, სწავლას მაშინ იწყებენ, როდესაც დანარჩენ კლასებში უკვე დაწყებულია. მოზრდილთა კლასები სწავლას - 09.30 სთ-ზე იწყებენ.

გაკვეთილების ხანგრძლივობა  1-ელ კლასშია 35 წუთი, ხოლო დანარჩენ კლასებში 40 წუთი, შესვენების ხანგრძლივობა -10 წუთი.

სკოლის ადმინისტრაციამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კიდევ ერთ გზას მიმართა. სკოლის ეზოსა და სკოლის შენობაში ნაკადების შესვლა განრიგით ხორციელდება.

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო I-IVკლასის მოსწავლეები პირბადეებს ატარებენ მშობლის შეხედულებისამებრ. სკოლის პერსონალისთვის აუცილებელი ვალდებულებაა ატარონ პირბადე.

სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია უცხო პირთა , მათ შორის, მშობელთა გადაადგილება, სპეციალური გამოძახების გარეშე. მშობლებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, განხორციელდება დისტანციურად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები