ახალი ამბები
ცოლმა ქმრის წინააღმდეგ ჩვენება შეცვალა - გორის პროკურორის მოადგილემ პროცესი წააგო
მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული, გაამართლეს. გორის რაიონული პროკურორის მოადგილემ მორის ჩუბინიძემ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება უშედეგოდ სცადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მომხდარ ფაქტს.

,,გთხოვთ, დამნაშავედ ცნოთ ბრალდებული ფ.ბ. ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მივიჩნევ, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილება არის უკანონო. დაზარალებულმა სასამართლოში შეცვალა ჩვენება და არ დაადასტურა გამოძიებაში, გამოკითხვისას გაცხადებული ინფორმაცია, ვინაიდან არის შეშინებული, რაზეც ცალსახად მიუთითებს საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერები და განაჩენები, რომლებითაც დადგენილია ფ. ბ–ის მიერ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტები'' - აღნიშნა მორის ჩუბინიძემ.

სასამართლომ განმარტა, რომ არა მხოლოდ ქალმა შეცვალა ჩვენება, არამედ ქალისშვილმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

პროკურორმა პროცესზე მოწმეებად მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები წარადგინა.

გორის შს სამმართველოს პოლიციელების განცხადებით, გორის რაიონის სოფელ კ–ში მდებარე თავიანთ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში ფ. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს. კერძოდ, უთხრა, რომ დანით აჩეხავდა და არ აცოცხლებდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები