ახალი ამბები
გორის პოლიციამ მოპარული ტრუსებისა და ბუსჰალტერების ამოცნობის პროცედურები არასწორად ჩაატარა
4-წლიან სასჯელს იხდის მამაკაცი, რომელმაც გორის პოლიცის თანამშრომლებს, დაკავების დროს, წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო სკამით და იატაკის საწმენდი ჯოხით მათ სცემა.

მამაკაცი 2024 წელს დატოვებს ციხეს. სამაგიეროდ, სასამართლომ იგი გაამართლა იმ ბინების ქურდობის ფაქტზე, რომლის გამოც, დააკავეს და წინააღმდეგობა გაუწია.

ქურდობა დევნილთა დასახლებაში მოხდა. პირველი ფაქტი 2019 წლის 9 მარტს, ხოლო მეორე - 12 აპრილს.

ერთ ბინაში დაიკარგა 100-დოლარიანი კუპიურა და ტრუსები. ხოლო მეორე ბინაში - ნოკიას ფირმის ტელეფონი და ბუსჰალტერები.

როგორც დაზარალებულები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, მოიპარეს გასაშრობად ეზოში გაფენილი საცვლები და ტრუსები.

გორის პოლიციის თანამშრომლებმა, მამაკაცი საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავების დროს, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნოკიას ტელეფონი, ასევე ტრუსები და ბიუსჰალტერები. ამოსაცნობად დაიბარეს დაზარალებულები, რომლებმაც საკუთარი ნივთები ამოიცნეს.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი ამოცნობის პროცედურების ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა. ქურდობის ფაქტებზე, ბრალდებული სრულად გაამართლა.

მოსამართლემ განმარტა, რომ ნივთების ამოცნობის პროცედურები ჩატარდა მთელი რიგი პროცესუალური დარღვევებით.

,,ამოცნობისას დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტრუსი და ბიუსტჰალტერი წარუდგინეს. ისინი მოთავსებული იყო ცელოფანში, დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ერთად მაგიდაზე ელაგა. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაზარალებულმა განმარტა, რომ მან ტრუსები და ბიუსტჰალტერი ამოიცნო ერთდროულად, ანუ ცალკე ქვედა საცვლების და ცალკე ბიუსტჰალტერის ამოცნობა არ მომხდარა, როგორც ეს საგამოძიებო მოქმედების ოქმებშია დაფიქსირებული."" - განმარტავს მოსამართლე.

მისი აზრით, დაზარალებულმა ვერ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის ნივთებიდან ამოიცნო მის საკუთრებაში არსებული საცვლები. მეტიც, დაზარალებულმა განმარტა, რომ როგორც ტრუსები, აგრეთვე ბიუსტჰალტერები მაგიდაზე ერთად ელაგა, ცელოფნის პარკში შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში, ამდენად, მას არ ჰქონია შესაძლებლობა სრულყოფილად დაენახა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთები.

გარდა აღნიშნულისა, განმარტავს მოსამართლე, სახეზეა ორი სხვადასხვა სახეობის ნივთი - ტრუსი და ბიუსჰალტერი, რომელთა ამოცნობაც, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მოხდა ერთდროულად, ანუ საგამოძიებო მოქმედებები მაღალი ალბათობით ცალ-ცალკე არ ჩატარებულა, როგორც ეს შესაბამის ოქმებში და აღნიშნულ მოქმედებებში მონაწილე გამომძიებელთა ჩვენებებში არის მითითებული.

ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, მისი კუთვნილი წითელი და ვარდისფერი ტრუსები, ასევე, შავი ფერის ბიუსტჰალტერი მას არ წარედგინა ერთგვაროვან (ერთი ფერის) არანაკლებ ორ ნივთთან ერთად, როგორც ეს საგამოძიებო მოქმედების ოქმებშია ასახული.

რაც შეეხება მეორე ბინის ქურდობის ფაქტზე ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს, დაზარალებულმა განაცხადა, რომ ღამით გააღვიძა კომოდის უჯრის გაღების ხმამ.

გაღვიძებისას მან დაინახა, რომ თავზე ედგა მამაკაცი, რომელსაც შორიდან იცნობდა და ადრეც ნანახი ჰყავდა. გაღვიძებისთანავე ქურდი დაწვა იატაკზე, თუმცა, სახლის პატრონმა მას რბილი სათამაშო ჩაარტყა და ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც ბრალდებული უცებ წამოდგა და კარისკენ გაიქცა.

სახლის პატრონი დაედევნა, თუმცა, ქურდი ღია ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.

დაზარალებულმა ნახა, რომ მის საცხვორებელ სახლში აღარ იყო "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და ერთი ცალი ქვედა საცვალი. პოლიციამ ნოკიას ღირებულება 350 ლარად შეაფასა.

მოსამართლემ მეორე ბინის ქურდობის ფაქტზეც იგივე შეფასება გააკეთა საცვლების ამოცნობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტელეფონს, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაზარალებულმა ტელეფონი შეიძინა 2 წლის წინ 350 ლარად, შესაბამისად, 2 წლის შემდეგ, მისი ღირებულება აღარ იქნებოდა 350 ლარი. ასევე, არ არის დადგენილი, აღემატებოდა თუ არა ტელეფონის ფასი 150 ლარს.

რა მოხდა დაკავებისას

გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი 5-მა პოლიციელმა დააკავა. თავდაპირველად, სახლში შევიდა 2 პოლიციელი. ერთმა მათგანმა ბრალდებულს შესთავაზა დაკავების თაობაზე განჩინების გაცნობა.

აღნიშნულ შეთავაზებას მამაკაცის მხრიდან აგრესია მოჰყვა. მან იქვე მდგარი მაგიდიდან აიღო დანა და დაიწყო პოლიციელების მიმართულებით მოქნევა, ამასთან, იმუქრებოდა მათი სიცოცხლის მოსპობით. პოლიციის თანაშრომლები დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ, ხმაურზე სახლში შევიდა კიდევ 3 პოლიციელი, რადიო სადგურის მეშვეობით გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი.

,,აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ხელი წამოავლო იქვე არსებულ ხის სკამს და დაიწყო მისი მოქნევა, რაც ერთ-ერთ პოლიციელს მოხვდა ბეჭში. ამ დროს ერთ-ერთი პოლიციელი წავიდა ბრალდებულისკენ, რა დროსაც ბრალდებულმა მას ზემოაღნიშნული სკამი ჩაარტყა მტევნებსა და ფეხში, რის შემდეგაც დანაშაულის იარაღი ხელიდან გაუვარდა და კვლავ დაიწყო დანის მოქნევა. ამ დროს ერთმა პოლიციელმა იატაკიდან აიღო ჯოხი, ხოლო მეორე პოლიციელმა ღუმელთან არსებული იატაკის საწმენდი ჯოხი, რითაც ისინი ცდილობდნენ ბრალდებულის მოგერიებას. ამ დროს ბრალდებულს დანა ხელიდან გაუვარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავი ორგანოს აღნიშნულმა წარმომადგენლებმა ისარგებლეს ამ მომენტით და იგი ადგილზევე დააკავეს.'' - აღნიშნულია სტაჟიორ პროკურორის თორნიკე ბაიდოშვილის საბრალდებო დასკვნაში.

ბრალდებულის ადვოკატი ვახტანგ ფირალიშვილი სხდომაზე აცხადებდა, რომ პოლიციელებმა ბრალდებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები