ახალი ამბები
ეუთოს თავმჯდომარე და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ერგნეთში მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად მზაობას გამოთქვამენ
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, რომელიც ამავე დროს, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა, დღეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.

ის, ადმინისტრაციული სასაზღვრო გაზის მონაკვეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია.

,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრს და შეუერთდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში და გაუზიარა ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.'' - აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

გარდა ამისა, დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობაზე, სადაც აქცენტი გაკეთდა "ბორდერიზაციაზე", თავისუფალ გადაადგილებაზე უარყოფით გავლენასა და კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანის სხვა უფლებებზე.

,,განხილვები შემდგომში შეეხო იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ თემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ უდგება წინ, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა COVID-19 პანდემიის შედეგად.'' - განმარტავენ მისიაში.

ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს თან ახლდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი.

დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს თავიანთი მზაობა, რომ ერთობლივად დაუჭირონ მხარი რაც შეიძლება მალე ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრის ჩატარებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები