ახალი ამბები
რა ხდებოდა გორის რაიონის კოლმეურნეობებში - 1937 წელი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი ანგარიშებს რაიკომის მდივნებისგან, ყოველი წლის 25 თებერვალს, ისმენდა. თავის მხრივ, რაიკომის მდივნები ანგარიშებს კოლმეურნეობების თავმჯდომარეებისგან იღებდნენ. 1937 წლის 25 თებერვალს სახალხო კომისარს ანგარიშები არ მიუღია. სამაგიეროდ, ის ჩავიდა გორის რაიონში.

საქართველოს ცკ-ს პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ გორის რაიონში სახალხო კომისარი მ. ბერიძე მიავლინა. სახალხო კომისარმა საკმაოდ კრიტიკული წერილი გაუგზავნა ბერიას. ამ წერილით მასობრივი რეპრესიების განხორციელების საფუძველი შეიქმნა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ საბჭოთა კავშირის პირველ წლებში კოლექტივიზაცია საკმაოდ დიდი ხარვეზებით მიმდინარეობდა. მოსახლეობა არ იყო მოტივიტირებული სახელმწიფო წარმოებით, არ აძლევდნენ ანაზღაურებას შრომადღეების მიხედვით; მასობრივად იპარავდნენ სახელმწიფო ქონებას (ხილს, მარცვლეულს თუ პირუტყვს).

როგორც მკვლევარები ამბობენ, ეს დოკუმენტი ბერიას მასობრივი რეპრესიებისთვის დასჭირდა, თუმცა უნიკალური მასალაა კოლექტივიზაციის შესწავლის მიზნით.

კოლმეურნეები უხელფასოდ

რეპრესიების საფუძველი საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მ. ბერიძის მოხსენება გახდა, რომელმაც 13 ივნისს ლავრენტი ბერიას ანგარიში გაუგზავნა.

ბერიძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ გორის რაიონის კოლმეურნეობებში ადგილი აქვს ხელმძღვანელი მუშაკების მხრიდან, ანტიპარტიულ საქმიანობას. განსაკუთრებით ეს არტელის წესების დარღვევაში ვლინდება, რომელსაც ე.წ. კონტრევოლუციური-ტროცკისტული და მენშევიკური ელემენტები ჩადიოდნენ.

ანგარიშის მიხედვით, სოფელ ხელთუბანში 3548 ცენტრნერი მარცვლეულიდან შრომადღეებზე მხოლოდ 963 ცენტრნერი გაანაწილეს. ხოლო ,,სხვა ხარჯებისთვის" 173 ცენტნერი გაითვალისწინეს.

სახალხო კომისარმა ,,დარღვევები"" შინდისშიც აღმოაჩინა, სადანაც 3446 ცენტრნერიდან შრომადღეებზე მხოლო 1281 ცენტნერი გაანაწილეს, ხოლო საფურაჟე ფონდისთვის 1072 ცენტნერი გაითვალისწინეს:

,,ასეთივე სიტუაციაა ზერტის, სვენეთისა და ბევრ სხვა კოლმეურნეობაში. ყოველივე ამის გარდა, მარცვლელული მინვდრებსა და საწყობებიდან განიავებული და დატაცებულია, რის შედეგადაც კოლმეურნეობებისთვის დაკლებულია მარცვლეული ტირძნისის კოლმეურნეობაში - 200 ცენტნერამდე. ხელთუბნის კოლმეურნეობაში - 500 ცენტნერამდე; ძევერის კოლმეურნეობაში - 200 ცენტნერამდე. ასეთივე მდგომარეობაა სვენეთის, ერგნეთის, ბერბუკის, ოხერას, ღვლევისა და სხვა კოლმეურნეობებში." - სწერს ბერიძე ბერიას.

ბერიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთელ რიგ კოლმეურნეობებში დარღვევების ფაქტებზე, პასუხისმგებელია რაიონის ხელმძღვანელი მუშაკები.

სახალხო კომისარი ბერიას სწერს, რომ ძევერის კოლმეურნეობაში 97 ჰა ხეხილის ბაღი აქვთ. ხილი საერთოდ არ ნაწილდება შრომადღეების მიხედვით, ლპება და ნადგურდება, მისგან შემოსავალი სრულიად უმნიშვნელოა.

,,ასე მაგალითად, 1936 წელს ხილის 49 ტონა მოსავლიდან კონტრაქტაქციით ჩაბარებულია 36 ტონა, ხოლო 11 ტონა გამოიყო საკოლმეურნეო ვაჭრობისთვის, აქედან 1,5 ტონა დალპა, დანარჩენი კი რეალიზაციისთვის კუიბიშევში გაგზავნეს, სადაც 3 თვე ისხდნენ კოლმეურნეობის წარმომადგენლები, რომლებმაც დაიქირავეს 6 გამყიდველი. შედეგად, კოლმეურნეობამ მიიღო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე მას გორში სთავაზობდნენ დამამზადებელი ორგანიზაციები" - აღნიშნავს სახალხო კომისარი.

როგორც იგი წერს, გორში, დამამზადებელი საწარმოები კილოგრამ ვაშლს იბარებდნენ 1 მან.65 კაპიკად, ნაცვლად 2 მან.60 კაპიკისა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენელთა შორის იყო ყოფილი თავადი, ხილის ,,საქმოსანი" ვინმე ჯავახიშვილი, რომელსაც არასდროს უმუშავია კოლმეურნეობაში. კოლმეურნეებს შრომადღეებზე მხოლოდ 35 კაპიკი მისცეს, 1936 წელს გამომუშავებულ შრომადღეებზე კი საბოლოო ანგარიში ჯერ არ გაუსწორებიათ."- სწერს ბერიას ბერიძე.

ბერიასადმი მიწერილ დოკუმენტში ნახსენებია ასევე ღვინის მოსავლის შესახებაც:

,,ამავე კოლმეურნეობაში ღვინის მთელი შემოსავალი - 1720 ლიტრი საზოგადოებრივი ღრეობისთვის გამოიყო და შრომადღეების მიხედვით არაფერი განაწილებულა. ტირძნისის კოლმეურნეობამ ღვინის მთელი მოსავალი გასაყიდად გამოყო, ღვინო დღემდე არ გაყიდულა და 1936 წლის შრომადღეების კუთვნილი 16 ათასი მანეთი კოლმეურნეებზე ჯერ არ გაცემულა. ამასთან, კოლმეურნეობის გამგეობის შემდგომი დადგენილებით გათვალისწინებულია, რომ ამოღებული თანხით უნდა ააშენონ საპარიკმახერო." - აღნიშნულია ბერიძის ანგარიშში.

ტირძნისში გასაყიდად გამოიყო 3200 კგ ხილი, აქედან 2336 კგ ,,დალპა"" და ჩამოწერეს, თუმცა, ბერიძე შენიშნავს, რომ ჩამოწერის აქტი არ შეადგინეს. შედეგად, მეხილეობის პროდუქციის რეალიზაციიდან გათვალისწინებული 25 000 მანეთის ნაცვლად, 3002 მანეთი მიიღეს.

სახელმწიფო კომისარი სოფელ ტყვიავის ხილითაც დაინტერესდა. მან დაადგინა, რომ ტყვიავის კოლმეურნეობაში 11 760 კგ ვაშლი დალპა, ხოლოს გადამუშავებით მიღებული არყის შემოსავალში არ აიღეს და კოლმეურნეობის თავმჯდომარის განცხადებით, ,,ბრიგადებში დალიეს".

გაჩერებული ტრაქტორები

სახალხო კომისარმა შენიშნა, რომ ტრაქტორისტებს დანაშაულებრივად ექცევიან. კერძოდ, ტრაქტორისტებს 1936 წლის კუთვნილი თანხა და პროდუქტები არ მიუღიათ.

,,ტრაქტორისთათვის გასაცემმა ფულადმა დავალიანებამ 46 ათასზე მეტი მანეთი შეადგინა, აქედან 24 ათასი მანეთი, მიუხედავად იმისა, რომ კოლმეურნეობებიდან შეგროვდა, მანქანა ტრაქტორთა სადგურის მიერ არადანიშნულებისამებრაა დახარჯული" - წერია ბერიასადმი მიწერილ ანგარიშში.

კოლმეურნეობებიდან დავალიანების იძულებით ამოღების ნაცვლად, მანქანატრაქტორთა სადგურის დირექცია და პარტიის რაიკომი კმაყოფილდებიან კოლმეურნეობათა სახელზე მიწერილობის გაცმით. ტრაქტორისტები აცდენენ რა ტრაქტორებს, კვირების განმავლობაში უშედეგოდ დადიან კოლმეურნეობებში.

,,ტრაქტორისტ თვაურს მიწერილობა აქვს 7 კოლმეურნეობაზე, მაგრამ კუთვნილი თანხა და პროდუქტები ამ დრომდე არც ერთისგან მიუღია. თვაური ჩივის, რომ შარშანდელი გამომუშავების დევნაში ვერ გამოიმუშავებს შრომადღეებს ამ წელიწადში". - აღნიშნავს სახალხო კომისარი.

მისი მოკვლევით დადგინდა, რომ ტრაქტორისტების აბუჩად აგდება ხდება. ქვემო სობისის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ამხანაგი რაზმაძე ტრაქტორისტს ეუბნება, რომ არ აქვს მისთვის მისაცემი სიმინდი, ხოლო რაც აქვს, ღორების გამოსაკვებად სჭირდება.

,,რაიონმა მთლიანად თვითდინებაზე მიუშვა კოლმეურნეობების მიერ მოსავლისა და შემოსავლის განაწილების საქმე, 1936 წლის ანგარიშების შედგენა, რის შედეგადაც მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში წლიური ანგარიშები, დადგენილი ვადით გათვალისწინებული 25 თებერვლის ნაცვლად, მხოლოდ 1937 წლის 22 ივნისს წარადგინეს. ამასთან დიდი დეფექტებით, რომლებიც გასწორებას საჭიროებს. დადგენილია, რომ წლიური ანგარიშები არ განუხილავთ არც რაიონის მიწათმოქმედების განყოფილებაში და არც მანქანა ტრაქტორთა სადგურის დირექტორს." - ატყობინებს ბერიძე ბერიას.

ბერიძე განმარტავს, რომ 1936 წლის შედეგები, წლიური ანგარიშების მიხედვით, არ მოუსმენიათ არც რაიკომსა და არც რაიაღმასკომში. შედეგად, რაიონში შეუმჩნეველია ს/ს არტელის წესდების უხეში დარღვევები. არასწორად მოხდა განსაზოგადოებული ქონების ღირებულების თანხის ჩარიცხვა ფონდებში, მოსავლისა და შემოსავლის განაწილება, ქონებისა და პროდუქტების შეფასება, დაიტაცეს მუშა პირუტყვი და სხვა.

საბოლოოდ, მ. ბერიძე ასკვნის: ,,ასეთი დანაშაულებრივი ხელმძღვანელობის შედეგად, კოლმეურნეობის 1936 წლის შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა ასეთია: რაიონის 66-მა კოლმეურნეობამ გათვალისწინებულზე მეტი თანხა დახარჯა ადმინისტრაციულ-მმართველობითი მიზნებისთვის, 59-მა კოლმეურნეობამ - საწარმოო ხარჯების დასაფარად და 30-მა კოლმეურნეობამ - ფონდის შესავსებად.

მასალები გამოყენებულია წიგნიდან - ,,დოკუმენტები დიდი ტერორის შესახებ საქართველოში" შემდგენლები: მარკ იუნგე, ომარ თუშურაშვილი, ბერნდ ბონვეჩი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები