ახალი ამბები
შიდა ქართლში ქალს თვალის ქუთუთოზე ანთებული სიგარეტი დაადეს
გორის სასამართლოში ვერ დაადგინეს ის ფაქტი, თუ ვინ ჩააქრო ანთებული სიგარეტი ქალის თვალის ქუთუთოზე. გორის მოსამართლემ ბრალდებულები გაამართლა. განაჩენი კი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის მტკიცებით, დაზარალებულ ქალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლემ და მამამთილმა მიაყენეს.

,,დაახლოებით 13 საათზე, საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას ქალს ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეუღლემ და მეუღლის მამამ. კერძოდ: სახეში ხელის გარტყმით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ქალმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტუჩზე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო მეუღლემ ანთებული სიგარეტით დაზიანება მიაყენა მარცხენა თვალის ქუთუთოზე და ხელი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.'' - აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლომ განმარტა, რომ შემთხვევის ერთადერთმა თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა ქალმა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავისი მეუღლისა და მეუღლის მშობლის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სხვა მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დასტურდება, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ პროკურორის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, თუ რა ვითარებაში და ვინ მიაყენა მას ეს დაზიანებები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები