ახალი ამბები
ევროკავშირი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად საქართველოს მუნიციპალიტეტებში საგრანტო კონკურსს აცხადებს
ევროკავშირის ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ინიციატივა მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური განვითარების გეგმების შედგენაში დაეხმარება, რისი მიზანიც ეკონომიკური საქმიანობის წაქეზება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. ეს კი, თავის მხრივ, მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მეტ ქალთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.

გრანტის მოპოვების მსურველებმა პროექტის კონცეფცია თბილისის დროით 6 აპრილის 19:00 საათამდე უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სრული საკონკურსო განაცხადის წარსადგენად მიიწვევენ.
2021 წლის 4 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე, აპლიკანტებს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე შეეძლებათ დასწრება.

ინიციატივა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, საქართველოს ქალაქებს ეკონომიკურ ზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში ეხმარება. ამის მიზანი კი ადგილობრივი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, მეწარმეობის წახალისება და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვაა.

პროექტის პირველი ეტაპისას, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა, ინიციატივის ამოცანებით განსაზღვრული ვალდებულებები მთელი რეგიონის მასშტაბით 400-ზე მეტმა მუნიციპალიტეტმა აიღო. ამასთან, M4EG-ის რეკომენდაციების დაცვით შეიქმნა 230-ზე მეტი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა. რეგიონში ამჟამად თექვსმეტი საპილოტე პროექტი ხორციელდება.

M4EG-ის მეორე ეტაპის მიზანი პირველ ეტაპზე შედგენილი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების განხორციელების მხარდაჭერაა. გარდა ამისა, მეორე ეტაპისას სახელმწიფო და კერძო სექტორში მომზადდება საინვესტიციო პროექტები. არსებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების საფუძველზე კი დამატებით განხორციელდება 15 დიდი მუნიციპალური და 50-ზე მეტი მცირე მასშტაბის საპილოტე პროექტი. ეს პროექტები ისეთ კონკრეტულ საკითხებს შეეხება, როგორიც ინოვაცია და გენდერული თანასწორობაა და მიზნობრივ მხარდაჭერას მოითხოვს. კონკურსის მსვლელობისას დაცული იქნება გეოგრაფიული ბალანსი როგორც ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით, ისე დედაქალაქებსა და რეგიონებს შორისაც.

გრანტებისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხა 10 მილიონი ევროა. აქედან 5 მილიონი ევრო საქართველოსა და ოთხი ქვეყნისთვის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას და სომხეთისთვისაა განკუთვნილი; 4 მილიონი ევრო — უკრაინისთვის; ხოლო 1 მილიონი ევრო „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ საფუძველზე განსახორციელებელ საქმიანობას მოხმარდება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები