ახალი ამბები
ერგნეთში 5-თვიანი პაუზის შემდეგ IPRM-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
დღეს ერგნეთში ინციდნტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, დღის წესრიგში საკმაოდ ბევრი საკითხია შეტანილი.

ქართული მხარე მოითხოვს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, რამაზ ბეღელურის და ლაშა ხეთერელის გათავისუფლებას.

,,დღეს შედგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში რიგით 98-ე შეზვედრა. შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ განთავისუფლება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პტიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქის უპირობოდ განთავისუფლების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ ეს აღნიშნული საკითხი გაჟღერებულია ძალიან მაღალ რეგისტრში, მათ შორის, სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებზე, გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა და შესაბამისად დღევანდელ შეხვედრზე აღნიშნული საკთხი იქნება პრიორიტეტული. როდესაც ვსაუბრობთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რა თქმა უნდა, უკანონი წვრთნებიც ამ ჩამონათვალში შედის. დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ,"-განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

,,უმნიშვნელოვანესია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება დღეს, რადგანაც საკითხების დიდი რაოდენობაა დაგროვილი. გარდა იმ თემებისა, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ასევე გვექნება საუბარი ჰუმანიტარულ თემებზე და საჭიროებებზე, რაც ამ პანდემიის პერობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შეექმნათ. შევეცდებით, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ოპონენტებს შევთავაზოთ ის სერვისი და პროცედურა, რასაც ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენს კონტროლირებად ტერიოტორიაზე პანდემიის დროს ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, რომ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს მიეცამათ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოსვლის საშუალება და სამედიცინო სერვისებზე წვდომა. ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი ერთერთი უმთავრესი განხილვის თემა იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმ ადამიანებს ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ეს იქნება საერთაშორისო მეგობრობის თუ სხვადასხვა არხების მეშვეობით, მოვახერხოთ რომ ამ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების," - განაცხადა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების წინა შეხვედრა გაიმართა 24 სექტემბერს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები