ახალი ამბები
ენმ-ს ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულ 4-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
4-ვე ბრალდებულს, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისზე თავდასხმაში არიან ბრალდებულები, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოქვეყნა.

პროკურორის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბრალდებულების გარეთ ყოფნა, წინასწარი გამოძიების პროცესში, ობიეტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს შეუშლის.

2021 წლის 2 მარტს, 4-მა ახალგაზრდა მამაკაცმა საღამოს დაახლოებით 19 საათზე, ენმ-ს გორის ოფისის კარი და ფანჯრები დაამტვრია. ექსპერტიზის შეფასებით, ზარალის ოდენობამ 1500 ლარი შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატის განცხადებით, ოთხივე ახალგაზრდა ბრალს აღიარებს და აცხადებენ, რომ ქმედებას არანაირი პოლიტიკური მოტივი არ გააჩნია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები