ახალი ამბები
ქარელში კომპანიის ნაცვლად სამუშაო სკოლის დირექტორმა შეასრულა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შაქშაქეთში, სველი წერტილების რეაბილიტაციის დროს, ფულადი რესურსების გარკვეული ნაწილი სკოლის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ამის შესახებ ქარელის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მას შემდეგ აღმოაჩინა, როდესაც კომპანია ,,თიენდ დეველოპმენტის'' მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ კომპანიამ შესრულებულ სამუშაოთა ნუსხაში ის დეტალები მიუთითა, რომელიც მის მიერ არ იყო შესრულებული. ამის გამო, კომპანია მერიამ 2700 ლარით დააჯარიმა.

კერძოდ:

,,ზემო შაქშაქეთის სკოლაში აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ საჭირო აღარ იყო 909,4 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება, რამდენადაც აღნიშნული სამუშაო სკოლამ საკუთარი ხარჯებით შეასრულა.'' - აღნიშნულია მერიის მიერ შედგენილ ინსპექტირების აქტში.

ქარელის მერიამ ამავე კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები შეამოწმა სოფელ კოდავარდისუბანსა და სოფელ აბანოში.

,,კომპანიამ სოფელ კოდავარდისუბნის სკოლაში არ შეასრულა 208,87 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო სოფელ აბანოს კოდაში – არ შეასრულა 247,91 ლარის ღირებულების სამუშაო.'' - აღნიშნავენ ქარელის მერიაში.

კომპანია ,,თიენდ დეველოპმენტი'' შავ სიაში შეიყვანეს და გარკვეული ხნის მანძილზე შეუჩერეს მუშაობის უფლება. ქარელის მერიამ ასევე მოითხოვა პირგასამტეხელოს გადახდა.

კომპანია ,,თიენდ დეველოპმენტის'' წარმომადგენელი თამაზ თოდაძე აცხადებს, რომ ის ქარელის მერიის დასკვნას ეთანხმება და სამართლიანად შეიყვანეს შავ სიაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები