ახალი ამბები
ეგორ კოჩიევის თქმით, საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები ,,საზღვარს'' არღვევენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამყოფ ხაზთან საპოლიციო ძალებს ზრდის. ამის შესახებ მან ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი, დღეს, ერგნეთში გამართულ 98-ე შეხვედრაზე დააყენა, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები განიხილეს. ეგორ კოჩიევმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა შორის ქართული პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ.

,,თუ საქართველოს რიგითი მოქალაქეები გაუცნობიერებლად არღვევენ სახელმწიფო საზღვარს, მაშინ საქართველოს პოლიციამ კარგად იცის, სად გადის სახელმწიფო საზღვარი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი შესვლა პროვოკაციად ითვლება, რადგან დამრღვევები შეიარაღებული პოლიციელები არიან ". - განაცხადა მან.

ეგორ კოჩიევმა განმარტა, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარემ ამის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა, ხოლო კოლეგები გააფრთხილა, რომ თუ დარღვევები გაგრძელდება, მაშინ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

"რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს - სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებს, მათ მიმართ გამოიყენება ჰუმანიტარული მიდგომა. ისინი ჯარიმების გარეშე არიან გაძევებულნი საქართველოში. მაგრამ თუ ისინი დანაშაულის ჩადენაში არიან შემჩნეულნი, ეს უკვე სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და მომავალში სასამართლო დაადგენს დანაშაულისა და სასჯელის ზომას, "- თქვა მან.

კოჩიევის თქმით, ყველა ეს გარემოება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დეტალურად მიმოიხილა შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ არარსებული ჯადოსნური ჯოხით დეესკალაცია ვერ მოხდება, მაგრამ "არსებობს იმედი, რომ სიტუაცია ამ რეგიონში განიმუხტება და დაუბრუნდება იმ რეალობას, რომელიც წნელის პოსტის განთავსებამდე არსებობდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მოლაპარაკება განსხვავებულ ფორმატში წარიმართა:

"თუმცა ეს ხელს არ გვიშლის დავაყენოთ ის საკითხები, რომელიც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებისა და ინციდენტების თავიდან აცილებასთანაა დაკავშირებული. შეხვედრაზე ოსურმა მხარემ წამოჭრა საკითხები ზნაურის რაიონის სოფელ უისტაში (წნელისი) გარშემო დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო 2019 წლის აგვისტოში, როდესაც უკანონოდ შეიქმნა საქართველოს პოლიციის პოსტი", - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კოჩიევმა გაიხსენა, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარე ყოველთვის ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რაც მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის მოხსნის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

"მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ უსაფრთხოების შემდგომ ნაბიჯებზე სახელმწიფო საზღვრის გარშემო. ჩვენ ამ მდგომარეობას არ გადავუხვევთ. ამ პოსტს არ აქვს რაიმე დატვირთვა საქართველოსთვის, ის არ იცავს არაფერს, რადგან ამ ტერიტორიაზე გზები არ არის. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე უკანონო ქართული პოსტიდან, სოფელ წნელისამდე, ფაქტიურად 250 - 300 მეტრია, ხოლო უახლოეს ქართულ სოფლამდე - დაახლოებით სამი კილომეტრი. და კიდევ ორი ​​ძლიერი პოსტი ახლოსაა სახელმწიფო საზღვართან, "- აღნიშნა მან.

შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 23 აპრილს, რომელიც გაიმართება უფრო ხელსაყრელ ეპიდემიურ ვითარებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები